ქართული ოცნება დაპირისპირების შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას და ორ თანამდებობას კარგავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, მმართველმა კოალიციამ, ქართულმა ოცნებამ 20 თებერვალს კიდევ ერთი მარცხი განიცადა, როცა მას ორი წევრი განუდგა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ერთად ვიცე–სპიკერი და ერთ–ერთი კომისიის თავმჯდომარე თანამდებობებიდან გადააყენა.   

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში არსებული ვითარება „ერთგვარი პოლიტიკური კრიზისად“ შეაფასა და ივარაუდა, რომ შესაძლოა მანაც დაკარგოს თანამდებობა.

თავდაპირველად, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭო იქნა არჩეული 2012 წლის ოქტომბერში, 21–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში ადგილები ექვსი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის 13 წევრსა და ნაციონალური მოძრაობის 8 წევრს შორის გაიყო. 

მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვა ქართული ოცნება, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქართული ოცნების რიგები ასევე დატოვა „თავისუფალი დემოკრატების“ ორმა დეპუტატმა, რის შედეგადაც ქართულ ოცნებას 11 მანდატი დარჩა, რაც გადაწყვეტილებების მისაღებად ხმათა საკმარისი ოდენობაა საბჭოს ოპოზიციური წევრების მხარდაჭერის გარეშე.

თუმცა თებერვლის დასაწყისში, როდესაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ ასევე დატოვა ქართული ოცნება, კოალიციას 10 წევრი დარჩა და უმრავლესობა დაკარგა.  

მიმდინარე კვირის დასაწყისში, უმაღლესი საბჭოს რვა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან წამოიწყეს პროცედურა ქართული ოცნების წევრის, კონსერვატორი დავით ბაციკაძის ვიცე–სპიკერის პოსტიდან და ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრის ალექსანდრე ჩიტიშვილის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების მიზნით. მათ არასწორ მართვასა და საკუთარი უფლებამოსილების შეუსრულებლობაში დასდეს ბრალი.

20 თებერვალს, როდესაც ინიციატივა კენჭისყრაზე დადგა, საბჭოს ორმა წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, თუმცა ეს ინიციატივა 11 ხმით მაინც გავიდა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის რვავე წევრმა, ასევე ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა მედეა ვასაძემ და ქართული ოცნების ორმა მოქმედმა წევრმა, ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამ მას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრის შემდეგ ქართული ოცნების ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ მმართველმა კოალიციამ  ფუტკარაძის და კუდბას ქართული ოცნებიდან გარიცხვის საკითხი უნდა განიხილონ, რადგანაც ისინი კოალიციას განუდგნენ.

„ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი გახლავთ. ნაციონალურმა მოძრაობამ შარშანაც დააყენა ჩემი გადაყენების საკითხი, მაშინ ვერ შეძლეს იმიტომ, რომ დახმარება არ ქონდათ.  დღეს მათ ახალი ძალა შეემატათ, რომელმაც ამას დაუჭირა მხარი. შესაძლებელია, რომ ეს პროცესები გააგრძელოს ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და ივარაუდა, რომ ის შესაძლოა შემდეგი იყოს, რომესაც პოსტიდან გადააყენებენ.

20 თებერვალს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრამდე გამართული განხილვების დროს ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, მედეა ვასაძემ საბჭოს ვიცე–სპიკერს დავით ბაციკაძეს “მატყუარა” და „მხდალი“ უწოდა და სამსახურებრივი უფლებამოსილების საკუთარი სამშენებლო ბიზნესის ინტერესებისთვის გამოყენებაში დასდო ბრალი.

ბაციკაძე „რევანშისტს“ უწოდებს ვასაძეს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობს. მისი თქმით, ამ პროცესების უკან  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე დგას.

დეპუტატი მურმან დუმბაძე სექტემბერში, როდესაც პირველად მოხდა შიდა დაპირისპირება აჭარაში ქართული ოცნების რიგებში, ქართულმა ოცნებამ თავისი რიგებიდან გარიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საქმეებში „ჩარევის“ გამო.

მურმან დუმბაძე, რომელიც 20 თებერვალს ბათუმში იმყოფებოდა, უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მიესალმა ბაციკაძის და ჩიტიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე შემდეგი უნდა იყოს, ვინც პოსტს დატოვებს.

20 თებერვალს გამართული კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ქართული ოცნებიდან აკაკი ძნელაძემ განაცხადა სხდომაზე: „დღეს წაგებული არავინ არ არის, მაგრამ მოგებული დღეს, სამწუხაროდ, არის ნაციონალური მოძრაობა. მაგრამ, საბედნიეროდ, ხვალინდელი დღე ნამდვილად არის ჩვენი, იმ ადამიანების, იმ საზოგადოების, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა და მოგვიყვანა აქ“.

უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ეკატერინე თარგამაძემ უპასუხა, რომ „დღეს აქ არც დამარცხებული არის და არც გამარჯვებული“. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ გამარჯვებული რომელიმე პარტია კი არ იყოს, გამარჯვებული იყოს რეგიონის მოსახლეობა და ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ეცდება თანამდებობების დაკავებას უმაღლეს საბჭოში და მათი ინიციატივა ვიცე–სპიკერის და კომისიის თავმჯდომარის შეცვლის თაობაზე განპირობებული იყო სურვილით, რომ გაუმჯობესდეს უმაღლესი საბჭოს მიერ ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლი და არა მცდელობით, რომ ადგილობრივ საკანონდებლო ორგანოში თანამდებობები მიიღონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, 21 თებერვალს ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ აჭარის დეპუტაციაში ქართული ოცნების ორი-სამი წევრის „მოღალატეობრივ“ ქმედებაზე რეაგირება იქნება „ძალიან მკაცრი“.

„ეს არის პირდაპირი, სამწუხაროდ, ჩვენი ყოფილი გუნდის წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია – სამწუხაროდ, ისინი გაურიგდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება იქ, სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ის, რომ ორმა-სამმა დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას – აბსოლუტურად დისკრედიტირებულ მოძრაობას, ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, – აღნიშნა მან.