„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს

ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარლამენტში დაკავებული სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები დატოვეს, რათა ხელისუფლებასთან „კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში“ გადავიდნენ.

ვიქტორ დოლიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობაზე, დავით ონოფრიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, ხოლო გია ცაგარეიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გაძღოლაზე თქვა ნებაყოფლობით უარი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ჩვენს მიერ პარლამენტში დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“, – ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში, რომელიც მედიას 23 თებერვლის ბრიფინგზე ვიქტორ დოლიძემ გააცნო.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა გასულ კვირას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერობიდან გამოწვევის თაობაზე. მას უმრავლესობისთვის განკუთვნილი კვოტა სპიკერატში ოპოზიციონერის რანგში ოთხი თვის განმავლობაში ეკავა მას შემდეგ, რაც მისი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მმართველ კოალიციას გამოეყო.

განსხვავებით ვიცე-სპიკერისგან, კანონმდებლობა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებზე პოლიტიკური კუთვნილების მხრივ რაიმე კვოტირებას არ აწესებს, ხოლო მათი გადაყენებისთვის სულ ცოტა 76 დეპუტატის თანხმობას ითვალისწინებს. ამდენივე ხმაა საჭირო ახალი თავმჯდომარეების ასარჩევად. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი დეპუტატები დაიკავებენ ვაკანტურ საკომიტეტო თანამდებობებს.

თანამდებობების დატოვების შემდეგ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თანამდებობრივ პრივილეგიებთან ერთად, ასევე დაკარგეს ოთხი ხმა პარლამენტის ბიუროზე, სადაც ისინი მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარის დონეზე იქნებიან ამიერიდან წარმოდგენილები.

23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ასევე აღნიშნეს, რომ „საფუძვლიანი“ ეჭვი აქვთ იმის თაობაზე, რომ „ხელისუფლება, ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას“.

„სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და მათ მოკლე დროში ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმა მოყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 „საქმე გვაქვს ერთის მხრივ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ერთგულებაზე გაკეთებული განცხადებების ხელახალ დადასტურებასთან და მეორეს მხრივ, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან მიღწეული შეთანხმებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასა და რუსეთთან პირისპირ დარჩენის ძალიან სახიფათო, ძალიან დინამიურად მიმდინარე პროცესთან. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველი და შესაბამისად ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.