უსუფაშვილი ხორვატიას სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 23 თებერვალს ზაგრებში თავის ხორვატ კოლეგას, იოსიპ ლეკოს და პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.
უსუფაშვილმა, რომელიც ხორვატიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, განაცხადა თავის ხორვატ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომ „არ არსებობს ისეთი საკითხი, რომელზეც არ ვთანხმდებით“, თუმცა ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საჭიროება აღნიშნა.
ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარემ, იოსიპ ლეკომ ასევე ხაზი გაუსვა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების აუცილებლობას და დასძინა, რომ ხორვატია მზად არის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თაობაზე.
ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოება და უკნაინაში მიმდინარე მოვლენები.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ერთად, საქართველოც არის „ჩვენი დიდი მეზობლის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლი“. მისი თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულების დადებით და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულების დაგეგმილი ხელმოწერით, რუსეთმა „ფაქტიურად ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მოახდინა“.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება და კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ხორვატიაში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი თედო ჯაფარიძე და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ქარდავა.
ხორვატიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია 25 თებერვალს ბულგარეთში გაემგზავრება.