ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ქართულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში სამშაბათს შუადღის შემდეგ საკუთარი ღირებულების 3%–მდე დაკარგა, რაც 2004 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი გაუფასურებაა ერთი დღის მანძილზე.
ლარი 2.1971–დან აშშ დოლართან მიმართებაში 2.2619–მდე დაეცა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან სავალუტო აუქციონზე სამშაბათს 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. იგივე მოცულობის თანხა მან წელს უკვე ორჯერ გაყიდა – 11 თებერვალს და 19 თებერვალს.
ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ქართულმა ლარმა თავისი ღირებულების 29%–მდე დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 16% ევროსთან მიმართებაში.
მანამდე სამშაბათს ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 27 თებერვლისთვის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, რომელსაც ასევე უნდა დაესწროს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რათა „სერიოზულად იმსჯელონ ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოძებნონ გამოსავლის გზები“. პრეზიდენტს ჯერ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე არ დაუფიქსირებია.
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო დებატების გზით ნაციონალურ მოძრაობას „სანახაობის მოწყობა“ სურს. „დღეს გართობის და სპექტაკლების დრო არ არის. საქმე გავაკეთოთ ჯობია“, – განაცხადა მან.