პრეზიდენტმა ‘ეკონომიკური სირთულეების“ განსახილველად ამ ეტაპზე პარლამენტის საგანგებო სხდომა არ მოიწვია

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა საპარლამენტო ოპოზიციის თხოვნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე ეკონომიკურ ვითარებაზე მსჯელობის მიზნით პარლამენტის საგანგებო სხდომა მოეწვია.

მან განაცხადა, რომ გონივრული იქნება მთავრობისთვის დროის მიცემა 5 მარტამდე, რათა მან დეტალური გეგმა წარმოადგინოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას.

მარგველაშვილმა ეს განცხადება ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ნოდარ ხადურთან 25 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

24 თებერვალს ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 27 თებერვლისთვის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, რომელსაც ასევე უნდა დასწრებოდა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რათა „სერიოზულად ემსჯელათ ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოეძებნათ გამოსავლის გზები“.

25 თებერვალს კიდევ ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოითხოვეს პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვა.

მინისტრებთან შეხვედრამდე, მარგველაშვილმა 25 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და პარტიის სხვა ლიდერები მიიღო.

პრეზიდენტის თქმით, „თავისუფალ დემოკრატები“, ისევე როგორც „სხვა დეპუტატები სრულიად ლეგიტიმურად არიან დაინტერესებული, თუ როგორ დაიძლევა აღნიშნული ეკონომიკური სირთულეები“.

„მე დღეს ასევე შევხვდი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც წარმომიდგინა სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებების ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას“, – განაცხადა მან.

„სავალუტო ფონდის მისია საქართველოდან 4 მარტს მიდის, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ 5 მარტამდე  უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც „ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის“ შექმნას მთავრობის „უნიათობას და არაკომპეტენტურობას“ აბრალებს, გააკრიტიკა პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ „სამარცხვინო“ საქციელის გამო, რომ მან პარლამენტის საგანგებო სხდომა არ მოიწვია. 

„ამ სიტუაციაში, პრეზიდენტი მარგველაშვილი, სამწუხაროდ, მოიქცა, როგორც ჩვეულებრივი, განუყოფელი ნაწილი ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური გუნდისა, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისა და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მან ჩვეულებრივ შიდა ინტრიგებში, ვაჭრობაში გაცვალა ხალხის ინტერესი, რომ დღეს მსჯელობა იყოს ლარზე და ეკონომიკაზე. ის ვაჭრობს გვენეტაძის საკითხით – თავისი კანდიდატურის სასამართლოში, არ ადებს ვეტოს ნაფიცი მსაჯულების საკითხს, მედიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ინტერესები დაიკმაყოფილოს“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი „მთავრობასთან ერთად უარს გვეუბნება იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა“.

ნაციონალური მოძრაობა თავის გეგმით მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე და შეამციროს საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადები, ასევე გააუქმოს აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, პარტიის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას უზრუნველყოფს.