თბილისი გმობს ბორის ნემცოვის მკვლელობას

საქართველოს ხელმძღვანელობამ დაგმო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის „საზარელი მკვლელობა“, რომელიც პარასკევს ღამით კრემლთან ახლოს მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის "შეძრწუნებულია" მომხდარის გამო.  

"ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული", – ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვის ცენტრში დატრიალებული "საზარელი ტრაგედიის" გამო ნემცოვის ოჯახს და "რუს ხალხს" თანაგრძნობა გამოუხატა.

"შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა – მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი", – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში, "კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას, იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე".

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც  ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა“. 

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში“.

„იმედია ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დაგმო რა მკვლელობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ გამოძიების "გამჭირვალედ, სწრაფად და ადექვატურად" ჩატარებისკენ მოუწოდა, რათა "ყველა დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე". 

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველია, განუცხადა CNN–ს. რომ გასულ კვირას მან ნემცოვთან ერთად კიევში ისადილა. მისი თქმით, ნემცოვმა მასთან შეხვედრა იმის გამო ისურვა, რომ უკრაინის შესახებ ანგარიშს ამზადებდა და სურდა, რომ რუსეთის საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში.   

„სულაც არ მიკვირს, რომ ის მოკლეს. ის უფრო მიკვირს, რომ აქამდე არ მოკლეს, რადგანაც აქ საქმე გვაქვს მაფიოზურ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა სააკაშვილმა, „იქ არსებული კლიმატი თითქმის შეუძლებელს ხდის ნემცოვის მსგავსი ადამიანებისთვის, რომ თავისუფლად იარონ და, სამწუხაროდ, ცოცხლებმა იარონ“.

„პუტინი ძალადობრივად მოვიდა, ძალადობრივად მართავს და ძალადობრივად დაამთავრებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.