დავით უსუფაშვილი აშშ-ს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1 მარტს ერთკვირიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით უსუფაშვილი, რომელსაც თან ახლავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ქართული ოცნებიდან თედო ჯაფარიძე, 2 მარტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან. 

ერთკვირიანი ვიზიტის პროგრამის ნაწილია ასევე დაგეგმილი გამოსვლები და შეხვედრები ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში,  ატლანტიკურ საბჭოში, Freedom House-ის პრეზიდენტთან მარკ ლაგონთან, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან სტროუბ ტალბოტთან, ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან და  მსოფლიო ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან ბობ ზოელიკთან. 

ეს დავით უსუფაშვილის მეორე ვიზიტია აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. ამ სტატუსით თავისი პირველი ვიზიტით ის აშშ-ს 2013 წლის მარტში სტუმრობდა.