უსუფაშვილი: რიგის სამიტზე ველით მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის „ოპტიმისტურად“ არის განწყობილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ელის „მნიშვნელოვან“ პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით.

„რიგის სამიტზე ჩვენ ველით მნიშვნელოვან პროგრესს ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მნიშვნელოვან პროგრესს, რომლის შემდეგაც მხოლოდ ძალიან ტექნიკური საკითხები უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს მოსახლეობას ვუთხრათ, როდის შევა ძალაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განუცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მაშინ როცა ამ საკითხზე „მუშაობა მიდის“, თავს შეიკავებს „უფრო დეტალებზე საუბრისაგან“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამ პროცესში რუსეთის ხელის შემშლელი როლიც აღნიშნა.

„ნუ დაგვავიწყდება ის, რომ რუსეთის პოლიტიკა, მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ასოცირებას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსიც, სახეზეა“, – განაცხადა მან, „ეს სურვილი რჩება რუსეთის, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპის ყველა ქვეყანასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ჩვენი  ამოცანები რიგის სამიტზე იქნეს შესრულებული. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ ამასთან დაკავშირებით”.

საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს;  ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად,  საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა.

2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც ძირითადად მოიცავდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს.

ამჟამად, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს პროგრესს აფასებენ მეორე ფაზის ამოცანების შესრულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროგრესი დადებითად შეფასდება და ევროკომისია სავიზო მოთხოვნების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ ეს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა ის ძალაში შევიდეს.