სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი მოსახლეობას საქართველოში მკურნალობის წინააღმდეგ მოუწოდებს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი კიდევ ერთხელ გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ რეგიონის მაცხოვრებლებმა სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოში იარონ.
მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საუბრისას, სააგენტო „რესის“ თანახმად, თიბილოვმა განაცხადა 2 მარტს, რომ „უმეტეს შემთხვევებში ავადმყოფებს არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ მეზობელი სახელმწიფოს სამკურნალო დაწესებულებებში გაემგზავრონ.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი საკუთარი სამედიცინო ცენტრები და სპეციალისტები მოვიზიდოთ. ამას უკვე აქტიურად ვაკეთებთ – ჩვენ ვიწყებთ თანამედროვე სამედიცინო ცენტრის მშენებლობას შესაბამისი აპარატურით“, – განაცხადა თიბილოვმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერი ამ საკითხს აყენებს. 2013 წლის ივლისში მან მოუწოდა მთავრობას, რომ ოსი პაციენტების საქართველოს კლინიკებში გამგზავრების გაზრდილ რაოდენობას მიხედოს; მან მთავრობის განკარგულება გაიხსენა, რომელიც ამის შესაძლებლობას მხოლოდ „გამონაკლის შემთხვევებში“ მაშინ უშვებს, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ჩრდილოეთ ოსეთში უფრო ხანგრძლივი მგზავრობის საშუალებას არ იძლევა.
2013 წელს ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, სეპარატისტული რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა გრიგორი კულიჯანოვმა განაცხადა, რომ უმეტეს შემთხვევებში პაციენტები მთავრობის ამ განკარგულებას არ იცავენ.
„ხშირად ადამიანები მიმართავენ [ჯანდაცვის სამინისტროს] და დაჟინებით ითხოვენ საქართველოს კლინიკებში მათ გაგზავნას, რითიც უგულებელყოფენ მათთვის შეთავაზებულ ალტერნატივას, რომ სამედიცინო მკურნალობა რუსეთის ტერიტორიაზე გაიარონ“, – განუცხადა კულიჯანოვმა გაზეთ „რესპუბლიკას“ 2013 წლის აპრილში, „რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს, როდესაც საქმე მის სიკვდილ–სიცოცხლეს ეხება და ასეც ვაკეთებთ, რითიც თვალს ვხუჭავთ პოლიტიკურ ასპექტებზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში თხოვნას მათი საქართველოში გაგზავნის თაობაზე მკაფიო გამართლება არ აქვს; ვგულისხმობ, რომ ანალოგიური მკურნალობის ჩატარება რუსეთის ტერიტორიაზეც არის შესაძლებელი, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)