პუტინმა ცხინვალთან ‘ინტეგრაციის’ შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რომელშიც მოიწონა მთავრობის წინადადება სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე.

ხელშეკრულებას, რომლის ვადაც 25 წლით განისაზღვრა, პუტინი და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ ხელს; თუმცა ხელმოწერის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

მანამდე, ნოემბრის ბოლოს მოსკოვმა სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თბილისი გმობს ორივე ხელშეკრულებას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

ხელშეკრულების თავდაპირველი პროექტის გადახედვის შემდეგ, საბოლოო ტექსტი ახლა უფრო ახლოსაა იმ ვარიანტთან, რომელსაც მოსკოვმა და სოხუმმა მოაწერეს ხელი. თუმცა, ის შეიცავს პუნქტებს, რომლებიც რუსეთთან სეპარატისტული რეგიონის უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს, ვიდრე ეს სეპარატისტულ აფხაზეთთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების ცალკეული შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში შევლენ“.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის საბაჟო სტრუქტურის „ინტეგრაციას“ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურთან.

ისევე როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, ცხინვალთან დაგეგმილი ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებას „ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მძიმე დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის „კოორდინაციის“ მიზნით.

რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ „თანადააფინანსოს“ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებულ დონემდე.

რუსეთი ასევე პირობას დებს, რომ 2016 წლიდან პენსიებს გაუზრდის სეპარატისტული რეგიონის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების კიდევ უფრო გამარტივებას.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს,  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხსენიებული „მასშტაბური“ სამხედრო წვრთნების გამო, რომელიც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, წვრთნები, რომელიც 10 აპრილამდე გასტანს, 12 პოლიგონზე მიმდინარეობს, მათ შორის სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც და მასში 2 000 სამხედრო მონაწილეობს.

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)