საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში შეიკრიბებიან, რათა „საერთო პოზიცია“ შეაჯამონ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით კი მაისის ბოლოს რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ჭრილში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს.

„შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს“, – განაცხადა სამინისტრომ.

10–11 მარტს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ზერკალი და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა თავიანთ ქართველ კოლეგასთან, გიგი გიგიაძესთან ორმხრივ ურთიერთობებზეც იმსჯელებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

გასული თვის ბოლოს ბრიუსელში სტუმრობისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ყველა ვალდებულება შეასრულოს და იმედოვნებს, რომ ევროკომისია რიგის სამიტისთვის უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტისთვის მზადება ერთ–ერთი ის საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში შაბათს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს.

„ფართო შეთანხმება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგის სამიტმა უნდა დაადასტუროს ევროკავშირის პოლიტიკური ერთგულება თავისი აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით.  

„ჩვენ ერთნაირი შეხედულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო ინდივიდუალური მიდგომა უნდა გვქონდეს თითოეულ აღმოსავლელ პარტნიორთან; ეს ასევე ეხება ჩვენს სამხრეთ სამეზობლოსაც. ასევე ერთნაირი შეხედულება გვაქვს იმის თაობაზე, რომ მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებს ახორციელებენ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა ვიმუშავოთ დახმარების პაკეტზე სამივე იმ ქვეყნისთვის, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი – ესენია საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. დახმარების პაკეტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებაში დაეხმარება მათ“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და დასძინა, რომ ისინი ახლა ევროკომისიის შეფასების შედეგებს ელიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებენ საქართველო და უკრაინა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროგრესი დადებითად შეფასდება და ევროკომისია სავიზო მოთხოვნების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ ეს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა ის ძალაში შევიდეს.