რუსეთის საგარეო უწყება ჩირიკბას მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 10-12 მარტს მოსკოვში სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩირიკბას  დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსულ-აფხაზური თანამშრომლობა „განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს“ მაშინ, როცა თბილისი ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებს. 

ძალის გამოუყენებლობის საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველო,  რომელმაც ძალის არ გამოყენების პირობა 2010 წელს ცალმხრივად დადო, დაჟინებით სთხოვს რუსეთს იგივე ნაბიჯის გადადგმას. თუმცა რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ, როგორც „გარანტორი“,  თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს, რასაც თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ძალის არ გამოყენების შეთანხმების ხელმოწერაზე თბილისის დაჟინებული უარის პირობებში,  განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს უსაფრთხოების სფეროში რუსულ-აფხაზური თანამშრომლობა. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა, ჩვენი მესაზღვრეები საქართველოსთან რესპუბლიკის საზღვრის დაცვას ახორციელებენ“,  – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ვიაჩესლავ ჩირიკბას ვიზიტი, რომლის დროსაც იგეგმება „მეგობრული ურთიერთობების“ განვითარების, „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის“ დახვეწის, საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცების საკითხების, ასევე აქტუალური საერთაშორისო პრობლემებისა და ჟენევის დისკუსიების განხილვა, „დამატებით იმპულსს შესძენს“ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

„2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთი გამოვიდა მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის და აფხაზის ხალხის მშვიდობიანი მომავლის გარანტად. ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, დინამიურად ვითარდება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

სამინისტროს თქმით, რუსეთი სეპარატისტულ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას „მასშტაბურ“ მხარდაჭერას უწევს2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებით; ასევე მოქმედებს ორმხრივი თანამშრომლობის დაახლოებით 90 სხვადასხვა დონის დოკუმენტი, რომლებიც მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების 2008 წლის სექტემბრის შეთანხმებასა და მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის 2014 წლის ნოემბრის ხელშეკრულებას ეფუძნება, რომელიც 5 მარტიდან შევიდა ძალაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმთან ხელმოწერისთვის კიდევ 30-მდე სხვადასხვა სახის დოკუმენტი მზადდება.

„ჩვენი ურთიერთობების სამართლებრივ ბაზის განვითარებას და აქტუალიზაციას კვლავაც გავაგრძელებთ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, „ამჟამად, ხელმოწერისთვის კიდევ 30-მდე შეთანხმება და სექტორული დოკუმენტი მზადდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გასავითარებლად, სადაც ასახვას პოვებს ურთიერთქმედების ახალი ასპექტები, რომლებიც თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სოციალურ, ჰუმანიტარულ და ურთიერთქმედების სხვა სფეროებს ეხება“.