თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის ვიცე-მერად არის წარდგენილი იმ საკადრო ცვლილებების ფარგლებში, რომელიც მერიის ხელმძღვანელობაში განხორციელდა.
ქუმსიშვილს, რომელიც 1999-2011 წლებში „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, 2012 წლის ბოლოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ახლა მისი კანდიდატურა თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა ყავს.
ქუმსიშვილი ვიცე-მერის პოსტზე ალექსანდრე მარგიშვილს შეცვლის, რომელიც დაგეგმილი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარე გახდება – ამ სტრუქტურის შექმნა, რომლის წლიური ბიუჯეტიც დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება, მკაცრად გააკრიტიკეს, არა მხოლოდ ოპოზიციამ, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე.
თბილისის მერიას ხშირად აკრიტიკებენ საკრებულოს ოპოზიციური წევრები არასწორი მენეჯმენტის გამო; ეს კრიტიკა უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც მერიის ერთი თანამშრომელი თებერვალში და კიდევ ერთი მოხელე მარტის დასაწყისში კორუფციის სავარაუდო ბრალდებით დააკავეს.
გადაწყვეტილება მარგიშვილის შეცვლის თაობაზე, რომელიც ვიცე-მერობამდე კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, თბილისის მერმა პირველად თებერვლის ბოლოს გააჟღერა.
ნარმანიამ 12 მარტს მერიის საქმიანობის „მეტი ეფექტურობის“ საჭიროება დაასახელა მერიაში განხორციელებული ცვლილებების მიზეზად.
ამას გარდა, ნარმანიამ თბილისის მერის მოადგილის პოსტზე ირაკლი ლექვინაძე წარადგინა, რომელიც ამ პოსტზე ალუდა გოგლიჩიძეს შეცვლის. ლექვინაძე ხილის წვენის მწარმოებელი კომპანიის „ლივოს“ თანამფლობელია, რომლის დირექტორიც ის 10 მარტამდე იყო. ის კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის მედიაში ეკონომიკურ საკითხებზე კომენტარებით. მერის სამი დანარჩენი მოადგილე – გიორგი სოლომონია, გიორგი ხელაია და ნინა ხატისკაცი ინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პაატა ჯაჭვლიანია წარდგენილი, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე – გიორგი გურგენიძე.
ლაშა აბაშიძე, რომელიც 2014 წლის ივნისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ვაკის რაიონის გამგებლად არის წარდგენილი. წინა გამგებელი, გივი ჭიჭინაძე თებერვლის ბოლოს იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა.