პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოპოზიციის თხოვნით 13 მარტისთვის ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განსახილველად მოიწვია,  ქართული ოცნების დეპუტატების ბოიკოტის გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ ჩაიშალა.

ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგურმა რეგისტრაცია სამჯერ ჩაატარა, თუმცა დამსწრე დეპუტატების ყველაზე მეტი რაოდენობა 41 დაფიქსირდა, რაც სხდომის გასახსნელად საჭირო კვორუმისთვის, რომელიც 76-ს შეადგენს, არასაკმარისი რაოდენობა იყო.

სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები და ასევე ქართული ოცნებიდან გარიცხული დამოუკიდებელი დეპუტატი მურმან დუმბაძე იყვნენ წარმოდგენილები. 

დაგეგმილ რიგგარეშე სხდომას, ერთი დღით უსწრებდა თბილისის პარლამენტის შენობაში გამართული საკომიტეტო მოსმენა, სადაც დეპუტატებს საშუალება ჰქონდათ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოესმინათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საკომიტეტო ფორმატში მოსმენა სრულიად საკმარისი იყო; მათ რიგგარეშე სხდომაზე ამ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნიეს, რასაც ოპოზიციამ "უპასუხისმგებლობა" უწოდა.  

რიგგარეშე სხდომის მიმართ მმართველი კოალიციის მეორე ბოიკოტი მოულოდნელი არ ყოფილა, მსგავსად პირველი შემთხვევისა, როცა მართალია ოპოზიციის მოთხოვნა პარლამენტის რიგგარეშედ შეკრების თაობაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ დააკმაყოფილა კონკრეტული გეგმის წარმოსადგენად მთავრობისთვის მეტი დროის მიცემის მოტივით, მაგრამ პარლამენტი მაინც შეიკრიბა 28 თებერვალს და მაშინაც კვორუმის უქონლობის გამო სხდომა ვერ შედგა.