ობამამ საქართველოში ახალი ელჩი დაასახელა

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კარიერული დიპლომატი იან კელი საქართველოში აშშ-ის მომდევნო ელჩად დაასახელა, რომელიც ამ პოსტზე რიჩარდ ნორლანდს შეცვლის, რომელიც თბილისში 2012 წლის სექტემბრიდან მსახურობს, განაცხადა თეთრმა სახლმა 12 მარტს.

იან კელი, რომელიც საგარეო სამსახურში დაახლოებით 30 წელი მუშაობდა, 2009-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ხოლო 2010-2013 წლებში აშშ -ის ელჩი იყო ეუთოში. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდა.

2007-2009 წლებში ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა; იგი ასევე იყო სახელმწიფო საქმეთა მრჩეველი აშშ-ის ნატოს მისიაში და იტალიასა და თურქეთში აშშ-ს საელჩოების პრეს-ატაშე.
 
1994-1996 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დემოკრატიული ინიციატივების დირექტორის პოსტზე ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიულ პროგრამებში მონაწილე 12-მდე ფედერალური უწყების საქმიანობათა კოორდინაციას ახორციელებდა.

„მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა,  „გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე“.