აშშ-ის საელჩო „შეშფოთებულია“ უგულავას მიმართ ბრალდების დამძიმების გამო

აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალდების დამძიმება „წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს“, რომელიც აპრილის დასაწყისში უნდა ამოწურულიყო.

„შეშფოთებულნი ვართ იმ ამბით, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენეს, ან ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალეს. ახალი ბრალდებები, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს“, – ნათქვამია 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის გასამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული“, – აცხადებს საელჩო.

პროკურატურამ 14 მარტს განაცხადა, რომ გიგი უგულავას მიმართ დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია საქმეზე, რომელიც 2007 წლის მოვლენებს, მათ შორის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევას უკავშირდება.

ბრალდების დამძიმება დაემთხვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვის მოახლოებას.  ის 2014 წლის ივლისიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში სხვა საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებებს მოიცავს და რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა.

ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგაც, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და მისი წინასწარი პატიმრობა რამდენჯერმე გახანგრძლივდა ახალი ბრალდებების დამატების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას 7.5-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ.   

უგულავასთან ერთად, პროკურატურამ იმავე საქმეზე, რომელიც 2007 წლის მოვლენებს უკავშირდება, მათ შორის 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევას და იმ დროს პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული ქონების, მათ შორის ტელეკომპანია “იმედის“ დარბევას და ჩამორთმევას, ბრალდებები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაუზუსტა, ხოლო თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)