მარგველაშვილი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად კვოტირების სისტემისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 16 მარტს, რომ პარლამენტში ქალებისთვის კვოტირების სისტემის შემოღებას ემხრობა, რათა 2016 წლის არჩევნების შედეგად ქალი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდოს.
თბილისში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი უნდა იყოს პარლამენტის ქალი წევრების რაოდენობის 12%–დან 40%–მდე ზრდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა კონფერენციას, ამ ინიციატივას არც თუ დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი.
ამჟამად 150–წევრიან პარლამენტში 17 ქალი დეპუტატია; ეს რაოდენობა 18–მდე გაიზრდება მას შემდეგ ახალი წევრი შეუერთდება ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობას დავით საყვარელიძის ნაცვლად, რომელსაც მას შემდეგ შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება, რაც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მართალია ქალი დეპუტატების წილი პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოებში გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ის კვლავ დაბალია.
“მომხრე ვარ, ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. კვოტირების სისტემაზე სხვადასხვა შეხედულებებია… მაგრამ ის, რომ ნაბიჯი აქეთ უნდა გადაიდგას და ეს ნაბიჯი უშუალოდ აისახოს მომავალ არჩევნებზე, ამაში მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად ვიღვაწოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც იანვარში 2015 წელი ქალების წლად გამოაცხადა.
„მე ამისიც მჯერა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კარგი იქნება, რომ ქალი იყოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტია.
იმავე კონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის იზიარებს „ძალიან ბევრი განწყობას იმის თაობაზე, რომ დროა ამ ტიპის ღონისძიებებიდან ცოტა სხვა დონის ღონისძიებებზე გადავიდეთ და დავიწყოთ გადაწყვეტილებების შემუშავება და გადაწყვეტილებების მიღება“.
„საჭიროა ძალიან კონკრეტული ინიციატივები. მე მინდა მივესალმო ბატონი პრეზიდენტის კონკრეტულ წინადადებებს – მომავალი პრეზიდენტი ქალი, კი ბატონო მზად ვარ დავუჭირო მხარი“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩაერთო და ხუმრობით უთხრა უსუფაშვილს: „მე შემიძლია რიგგარეშე სესია მოვიწვიო, თუ გინდათ ამ საკითხის გატანა პარლამენტში“. პრეზიდენტმა ამით მიანიშნა საპარლამენტო უმრავლესობასთან ცოტა ხნის წინ არსებულ უთანხმოებაზე, რაც ნაციონალური მოძრაობის თხოვნით ეკონომიკური საკითხების განსახილველად მის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომის მმართველი კოალიციის მიერ ბოიკოტირებას უკავშირდებოდა.
„მაგისთვის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უფრო დაგჭირდებათ, ამაზე იფიქრეთ“, – უპასუხა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზოგადად, ის რაიმე სავალდებულო კვოტირების შემოღების წინააღმდეგია.
„მე მინდა მოგახსენოთ, რომ ვარ კვოტების წინააღმდეგი, მაგრამ მინდა ამასობაში მოგახსენოთ, რომ მე ვარ თანასწორობის მომხრე და თუ ვხედავ, რომ თანასწორობა ვერ მიიღწევა კვოტების გარეშე, მე მაშინ ვხდები კვოტების მომხრე“, – განაცხადა მან.
„მე მგონია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის [2016 წელი] ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ; ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური ძალების ფართო კონსენსუსის მიღწევა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გარკვეული რაოდენობის ხმები. პრეზიდენტის მხრიდან ვეტო რომ არ მოყვება ასეთ კანონს, თუ მივიღებთ, ეს უკვე ვიცით; მაგრამ ჯერ მიღება უნდა იმ კანონს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მის რესპუბლიკურ პარტიაშიც კი არ არსებობს ერთიანი პოზიცია კვოტირების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.