უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი გმობს ‘პოლიტიკური ნიშნით’ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს
უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი გმობს „პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების“ ბოლო დროინდელ ფაქტებს, როგორც „საგანგაშოს“ და ხელისუფლებას "გამოხატვისათვის ძალადობისაგან დაცული გარემოს" უზრუნველყოფისკენ, პოლიციას – პოლიტიკური ნეიტრალიტეტისკენ, ხოლო პოლიტიკურ ძალებს ძალადობისგან თავის „მკაცრად“ შეკავებისკენ მოუწოდებს.
ერთობლივ გაცხადებაში, რომელიც 18 მარტს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამოქალაქო განვითარების სააგენტომ გაავრცელეს, საუბარია 15 მარტს ზუგდიდში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტზე, რომლის დროსაც ქართული ოცნების აქტივისტების ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ასევე, ბათუმში 14 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე, როცა მუნიციპალური ორგანიზაციის, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ორმა თანამშრომელმა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მომხდარის შემდეგ სამსახური დატოვა, თანამოაზრეებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები დაუშინა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ზამბახიძეს, რომელსაც პასუხს აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების გამო თხოვდნენ. ამ ინციდენტზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ ზუგდიდში ჩატარებულ აქციაში, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, ასევე მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები ქართული ოცნებიდან, რაც „ცალსახად არღვევს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტის პრინციპს“. მათივე შეფასებით, მიუხედევად იმისა, რომ პოლიციელები ცდილობდნენ "ვითარების განმუხტვას", ქართული ოცნების აქტივისტების ოპონენტების შენობაში შეჭრის დროს „არ იყვნენ სათანადოდ მობილიზებული და ორგანიზებულები, რის გამოც ვერ უზრუნველყვეს მხარეთა დაპირისპირების თავიდან აცილება და ხელჯოხებით შეიარაღებული მხარეების დაშორიშორება“.
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს უზრუნველყონ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების „ყოველმხრივი, დროული და ეფექტური გამოძიება“ და „საკუთარი პროფესიული საქმიანობით დაამტკიცონ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებისგან დისტანცირება“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ასევე დაგმო „პროვოკაციული ქმედებების შედეგად“ ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირება, რომლის დროსაც სხეულის დაზიანებები ასევე მიიღო ორმა პოლიციელმა, 16 მარტს განაცხადა, რომ საქმე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა და „გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“.
ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომებიც მიიღოს ძალადობაში მონაწილე საჯარო მოხელეების მიმართ და ასევე „უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური ძალის მშვიდობიანი საქმიანობისა და გამოხატვისათვის ძალადობისაგან დაცული გარემო“.
„პოლიტიკური მოსაზრებების გამო ზუგდიდსა და ბათუმში განვითარებული ფაქტები საგანგაშოა და შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, რომლებიც ეფუძნება პოლიტიკურ პლურალიზმს, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ძალადობის მიუღებლობას, როგორც ხელისუფლების, ასევე ყველა პოლიტიკური ძალისა და მოქალაქეთა მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე მოუწოდებს ყველა ძალას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ მხარდამჭერებს „მკაცრად შეიკავონ თავი ყოველგვარი ძალადობისაგან“.