მარტვილში, მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს

მარტვილის მაჟორიტარულ ოლქში ოქტომბერში შუალედური არჩევნებია მოსალოდნელი, ვინაიდან ამ ერთმანდატიან ოლქში არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კანონის თანახმად, ოქტომბრისთვის მარტვილის ახალი მაჟორიტარის არჩევნების კონკრეტულ თარიღს ცესკო ორი თვით ადრე განსაზღვრავს.  

პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციაში სხვა ცვლილებებიც განხორცილდა. პარლამენტმა დღეს უმცირესობის ახალი დეპუტატის, წინა მოწვევის პარლამენტის წევრის ეკა ხერხეულიძის უფლებამოსილება ცნო, რომელმაც უკრაინის პროკურორის მოადგილედ დანიშნული დავით საყვარელიძის ადგილი დაიკავა, რომელსაც უფლებამოსილება ორი კვირის წინ შეუწყდა.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ დეპუტატს, პარლამენტის უხუცეს წევრს გიორგი ოჩიაურს ვადამდე შეუწყდა 18 მარტს უფლებამოსილება, რადგან ეს მან „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ თავად მოითხოვა. მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში ლევან თარხნიშვილი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მის უფლებამოსილებას ცნობს. თარხნიშვილი 2007-2010 წლებში ცესკოს თავმჯდომარე იყო.

განსხვავებით პროპორციული წესით არჩეული დეპუტატისაგან, როცა საარჩევნო სიაში მომდევნო იკავებს მის გუნდში გათავისუფლებულ ადგილს პარლამენტში,  მაჟორიტარი დეპუტატის გამოკლების შემთხვევაში, შესაბამის ერთმანდატიან ოლქში შუალედური არჩევნები იმართება ახალი დეპუტატის ასარჩევად.