ჟენევის მოლაპარაკებების 31–ე რაუნდი
„ინტეგრაციის“ შესახებ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების ხელმოწერამ 18 მარტს, იმ დღეს, როდესაც მომლაპარაკებლები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 31–ე რაუნდს მართავდნენ „რთულ კლიმატი“ შექმნა მოლაპარაკებებში, განაცხადეს მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან.
„ეს ძალიან რთული აღმოჩნდა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დღის წესრიგის კონკრეტულ საკითხებზე მონაწილეების განსხვავებული შეხედულებების და მიდგომების გამო“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები; ისინი რამდენიმე თვეში ერთხელ იკრიბებიან და უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ ორ შესაბამის სამუშაო ჯგუფში.
„უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების განხილვის ფარგლებში მონაწილეებმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ დღეს [18 მარტს] ხელმოწერილ ხელშეკრულებაზეც გააკეთეს კომენტარი. თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარ ქმედებას რაუნდის იმავე დღეს ჰქონდა ადგილი, რამაც რთული კლიმატი შექმნა დისკუსიებში“,– განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ბოლო რაუნდი „რთულ ვითარებაში“ ჩატარდა მოსკოვში ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, რაც თბილისმა დაგმო, როგორც „რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია“.
ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით თავდაპირველად 11 მარტს იგეგმებოდა, ასევე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც რუსეთი ყირიმის ანექსიის წლისთავს აღნიშნავდა.
აშშ–ის დელეგაციამ განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, რომ „სამწუხაროდ“ მოსკოვში ხელშეკრულების ხელმოწერამ ჟენევის დისკუსიების მონაწილეების ყურადღება გადაიტანა „უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხებიდან, რომლის წინაშეც საქართველოს კონფლიქტური რეგიონები დგანან“.
„მიუხედავად ამ უთანხმოებებისა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ კონსტრუქციული დიალოგი გაიმართა ორივე სამუშაო ჯგუფში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ რაუნდებზე მონაწილეები სრულად ჩაერთვებიან დღის წესრიგის ყველა საკითხის განხილვაში“, – განაცხადა აშშ–ის დელეგაციამ.
დღის წესრიგზე უთანხმოებები მოიცავს მოსკოვის, ცხინვალის და სოხუმის მონაწილეების წინააღმდეგობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვის მიმართ, სანამ თბილისი არ შეწყვეტს საკითხის „პოლიტიზირებას“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად იმ რეზოლუციის შეტანით, რომელიც ლტოლვითა და დევნილთა დაბრუნებას ითხოვს. ეს საკითხი ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე მეორე სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში შედის, თუმცა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა შეხვედრა ამ საკითხის განხილვის გარეშე დატოვეს.
„საქართველოს დელეგაციამ მაქსიმალურად გამოიყენა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის ფორმატი და განიხილა დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მონაწილეებმა 2014 წლის დეკემბერში ჩატარებული წინა რაუნდის შემდეგ „ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ზოგადი სიტუაცია შეაფასეს, როგორც სტაბილური და წყნარი“.
„მათ ასევე განაგრძეს მუშაობა ერთობლივი განცხადების პროექტზე ძალის არგამოყენების თაობაზე, რაზეც გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ნატოში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით საქართველოს გეგმების თაობაზე და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მოძრაობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ამიტომ ეწინააღმდეგება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებს“.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ალიანსის განზრახვა საკუთარი ინფრასტრუქტურა შექმნას და სამხედრო წვრთნები ჩაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი, 32-ე რაუნდი 30 ივნისს – 1 ივლისს გაიმართება.