ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შსს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა „ქრთამის აღების ფაქტზე“ დააკავა, იტყობინება შსს 19 მარტს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა სამსახურის დაწყებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით ეტაპობრივად 3 000 ევრო აიღო.

ვაკის რაიონის გამგებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე ახლახანს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე იმერეთის გუბერნატორად გადაყვანილი გივი ჭიჭინაძე შეცვალა, რომლის მმართველობის პირობებში მამუკა ცაავა უკვე იკავებდა გამგებლის მოადგილის პოსტს.

მისი დაკავება  თბილისის მუნიციპალიტეტში კორუფციული ბრალდებით დაკავების უკვე მესამე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც მერიის ერთი თანამშრომელი თებერვალში და კიდევ ერთი მოხელე მარტის დასაწყისში იქნენ დაკავებულები.