ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარემ ოლემიკ ტომესენმა, რომელიც 23–26 მარტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისთვის და მისი ევროპასთან დაახლოების ძალისხმევისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა.

ტომესენმა, რომელიც გასულ კვირას უკრაინას სტუმრობდა სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე „აგრესია“ „ფაქტიურად ისეთივე აგრესიაა“, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა.

„მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი კარგი პასუხი რუსულ აგრესიაზე გრძელვადიან პერსპექტივაში არის ის, რომ აჩვენოთ ისეთი საზოგადოების აშენების შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა, ნამდვილი დემოკრატიის მშენებლობა. ასე უნდა მოიგოთ ის კონფლიქტი გრძელვადიან პერსპექტივაში და ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად დაადექით შესანიშნავ გზას ამისკენ“, – განაცხადა მან.    

„დემოკრატიულ აზროვნებას რუსული აგრესია უპირისპირდება; მას უპირისპირდება ექსტრემისტული დაჯგუფებები და ექსტრემისტული აზროვნება – ასევე ევროპის მემარჯვენე პარტიებიდან, ისლამისტური დაჯგუფებებიდან“, – განაცხადა მან თავის ქართველ კოლეგასთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

თბილისში ტომესენი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს. ის დევნილთა დასახლებასაც სტუმრობდა წეროვანში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგია არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, „ამ თემებზე ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი“.