ღარიბაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის დაუსწრებლობა „არ არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების“ მიმართ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტ მარგველაშვილთან „არავითარი კონფლიქტი“ არ აქვს და მათ შორის „ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობებია“, ისეთი, როგორიც უნდა არსებობდეს ახალ კონსტიტუციურ რეალობაში, როცა პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მთავრობა აღარ თვლის თავს ვალდებულად დაესწროს მის გამოსვლას პარლამენტში.
პრეზიდენტთან ურთიერთობებზე ღარიბაშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს დაესწრება თუ არა ის და მისი მთავრობა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში, რომელიც 31 მარტს იგეგმება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა პარლამენტს თხოვნით, რათა მოიწვიოს მთავრობის წევრები ამ ღონისძიებაზე. გიორგი მარგველაშვილმა წლის დასაწყისში იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როცა პარლამენტში მის საანგარიშო მოხსენებას მთავრობა არ დასწრებია, აღარ განმეორდება.
26 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიშზე მთავრობის დასწრება „ახალი ქართული სახელმწიფოს ტრადიციაა“, რომელიც მართალია კანონმდებლობაში არასოდეს ყოფილა გაწერილი, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს.
„მე მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, როგორც წესია, უნდა დაპატიჟოს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი გადასაწყვეტი იქნება სცემენ თუ არა ისინი პატივს ინსტიტუტებს და იმ სახელმწიფოებრივ ტრადიციებს, რომელიც არსებობდა საქართველოში“, – განაცხადა მარგველაშვილმა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ თემის „დრამიტიზირება“ არ არის საჭირო და განმარტა, რომ მთავრობის შარშანდელი გადაწყვეტილება არ დასწრებოდა პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენებას, განპირობებული იყო სურვილით, რომ მოხდეს საზოგადოების შეგუება ახალ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე იმითაც, რომ „ჩვენ ზოგადად ვერიდებით პომპეზურობას“.
„დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა… ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსმენთ ერთმანეთს, მეც მოვისმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი პარალმენტის შენობაში ვიყო, შეიძლება მოვუსმინო ტელევიზორით“, – განაცხადა მან.
„არც ერთ შემთხვევაში, ეს არ არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პირიქით, შეიძლება მცდარი აზრია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ და ასე მიგვაჩნია სწორად, რომ ახალი რეალობის დამკვიდრებას უნდა შეუწყოთ ხელი“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ შეიძლება „ფსიქოლოგიურად არ იყოს მარტივი“ ახალი კონსტიტუციური მოწყობის აღქმა, როცა ორი წლის წინ პრეზიდენტი „ყველაფერს წარმოადგენდა“ და ახლა მას გაცილებით შეკვეცილი უფლებები აქვს მთავრობის გაძლიერების ხარჯზე, მაგრამ „ამას უნდა შევეგუოთ“ და „ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ უკვე“.
„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ მუდმივად დახატონ სურათი ისე, რომ თითქოს რაღაც კონფლიქტი არსებობს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. მე გარწმუნებთ, რომ არავითარი კონფლიქტი, არავითარი პირადი სახის კონფლიქტი ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაცია საზოგადოებრივი ღონისძიებების ფარგლებში ან საერთო სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრებზე მიმდინარეობს.
„გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი, ისეთი როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში, ურთიერთობები, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც მთავრობა არის გამიჯნული, სადაც პრეზიდენტი არის ცალკე, პარლამენტი ცალკე“, – განაცხადა მან.