პრემიერ-მინისტრი უკრაინასთან ურთიერთობების, ‘გადადებული’ ვიზიტის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მეგობარ“ უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო, თუმცა არა იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის თბილისის მიერ ძებნილი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი დაინიშნა უკრაინის მთავრობაში, არამედ იმიტომ, რომ „ამ ეტაპზე“ დაკავებულია „საშინაო საქმეებით“.
„მე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად თავი ავარიდო გარე ვიზიტებს, თუ რამე გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება“, – განაცხადა მან 26 მარტს ვრცელ პრესკონფერენციაზე, როცა უკრაინაში ვიზიტზე ჰკითხეს, რომლის მზადებაზეც მან განცხადება დეკემბერში გააკეთა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინას სტუმრობდა პრეზიდენტი მარგველაშვილი, ასევე ეწვია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ასევე ორივე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. მის მოადგილეებთან მიმართებაში, ღარიბაშვილის თქმით, „სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ არც პრემიერ–მინისტრი მაშინ არ იყო თავისუფალი, არც პრეზიდენტი და მათთან ვერ შედგა შეხვედრა“.
„ასე, რომ ჩვენ ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია, რა თქმა უნდა, არც გავწყვეტთ“, – აღნიშნა მან, „პირიქით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ უკრაინელებს და უკრაინის ახალ მთავრობას“.
მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს და თავის უკრაინელ კოლეგას იაცენიუკს სატელეფონო საუბრებში შესთავაზა საქართველოს ხელისუფლების დახმარება საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესში, მაგრამ „ამ ეტაპზე არ გვაქვს ჩვენ მათგან რაიმე ოფიციალური თხოვნა ან მომართვა აღნიშნული დახმარების მიღების თაობაზე“.
„გასაგებია, რომ არ ვართ აღტაცებული და ბედნიერები იმით, რომ სააკაშვილი და სხვები არიან რაღაც სტატუსით [წარმოდგენილი უკრაინის ხელისუფლებაში], თუნდაც არაფორმალური – მე ვიტყოდი, სააკაშვილი არაფორმალური მრჩეველია – მაგრამ არ არის სასიამოვნო ეს ჩვენთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს ისიც უთხრა სატელეფონო საუბარში, რომ პირველ რიგში, ეს „მოსახლეობისთვის არის უსიამოვნო“, მაგრამ „ეს მათი არჩევანია“.
„თუმცა მიზეზი ჩემი ვიზიტის გადადებისა არ არის ის ფაქტი, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა უკრაინის მთავრობაში. მე მათზე ნამდვილად არ ვფიქრობ, ამ ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც დაინიშნენ იქ და თავი შეაფარეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მე ვფიქრობ უკრაინის ხალხზე, უკრაინის მთავრობაზე, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ ამ კონფლიქტიდან, ეს არის ყველაზე მთავარი“, – აღნიშნა მან და დასძინა: „მე განვიცდი უკრაინელების ბედს და განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში“.
„ძალიან რთული სიტუაციაა უკრაინაში ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რომ სააკაშვილი რას აკეთებს უკრაინაში. ყველამ ვიცით რას აკეთებს, რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა უკრაინაში? რასაც აკეთებდა საქართველოში, იგივეს გააკეთებს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.