წინასწარი მონაცემებით, მშპ–ს ზრდამ თებერვალში 4.9% შეადგინა
„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.9% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც იანვარში მშპ–ს ზრდა მხოლოდ 0.5% იყო.
იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა.
იანვარში ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შენელების შემდეგ და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მთავრობამ თებერვალში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%–დან 2%–მდე შემცირებას გეგმავს.
თუმცა, გასულ კვირას გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ თებერვალი „აქტიური“ იყო და „არანაირი პრობლემა არ ყოფილა“ საგადასახადო შემოსავლების პროგნოზების შესრულების თვალსაზრისით და მთავრობა პირველი კვარტლის შედეგებს დაელოდება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს „ყოვლისმომცველი საბიუჯეტო ცვლილებების“ შეთავაზებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა 4 მარტს, რომ „ძლიერი გარე შოკების“ პირობებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა მხოლოდ 2%–ს მიაღწიოს წელს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4.7%–ით გაიზარდა, რაც მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%–ზე ნაკლებია.