პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
- პრეზიდენტმა მთავრობაში მართვის ხარვეზებზე, სტრუქტურების დუბლირებაზე, პასუხისმგებელ პირთა განუსაზღვრელობაზე ისაუბრა;
- ეს "განაპირობებს ინსტიტუტებს მდგრადობის დასუსტებას, მართვის არაეფექტურობას და პროცესების გაჭიანურებას";
- "უნდა ვიზრუნოთ ისეთი მართვის სისტემის ფორმირებაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს";
- მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება;
- ის მიესალმა ჯანდაცვის, აგრარულ სფეროში, ასევე ბიზნესის წამახალისებელ სამთავრობო პროექტებს;
- ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესში მან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა;
- "ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება";
- "უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან";
- რიგის სამიტზე საქართველოს სჭირდება "კონკრეტული შედეგები" ევროპული პერსპექტივის და მოსახლეობისათვის ევროინტეგრაციის სიკეთეების მისაღებად;
- ნატოს ცენტრის შექმნა და ალიანსთან დაახლოება "არავის წინააღმდეგ არაა მიმართული";
- "საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში";
- "ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს";
- "არაღიარება მიზნად არ ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იზოლაციას";
- "ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების";
- "საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი";
- "უნდა ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა";
- თუმცა "საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას";
- საქართველო ესწრაფვის რუსეთთან თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას;
- რუსული "რბილი ძალის“ შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია;
- პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ ცვლილების საგაზაფხულო სესიაზე ინიცირება;
- ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად "ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში";
- მან სასამართლოს გაძლიერების, პროკურატურის და შსს-ის "გადაუდებელ" რეფორმირებაზე ისაუბრა;
- სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებასთან დიალოგისა და კრიტიკის გზით მეტი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპული ქვეყნის მშენებლობაში;
- "დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს" – ეს არის შანსი, რომ მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში თავისი მეორე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის, 2015 წლის 31 მარტი. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსნების სრული ტექსტი, რომლითაც 31 მარტს ის დეპუტატებს 50 წუთის განმავლობაში მიმართავდა:
"მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, მივესალმები ტელემაყურებლებს.
დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ჩემთვის აქ ყოფნა იმიტომაც, რომ 31 მარტი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე, 31 მარტი არის ის თარიღი, როდესაც რეფერენდუმით დადგინდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
‘პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან – ევროპულ სახელმწიფომდე’ – შარშან პარლამენტში, სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი წლიური გამოსვლის მიზანი. წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის.
ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ – არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილეც. შესაძლოა, გარკვეულწილად, უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის იმიტომ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის.
და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის: ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი – დიდი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი.
ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა, როდესაც, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპას და დასავლეთსაც სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული საქართველო.
იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორედ მივიღოთ და განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების მომავალი. ამიტომ, მე მსურს მოგიწოდოთ ერთად შევაფასოთ მიღწეული, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და რაც მთავარია, მზერა მივაპყრათ მომავალს.
ეკონომიკა
ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა დრამატულად გვაჩვენა ისედაც ცხადი გარემოება: ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად.
ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას. კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება.
ამდენად, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა: უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საბოლოოდ – ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა.
რა პოტენციალი გაგვაჩნია ამ თვალსაზრისით? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა – ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის – ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების კიდევ მეტი ინფორმირებულობა იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერამ მოგვცა.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც. შესაბამისად, საქართველოში ინვესტორისთვის იქმნება შესაძლებლობა, რომ აქ ნაწარმოები პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში 900 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს. თუ ამას დავამატებთ იმ მაღალ რეიტინგებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ბიზნესის კეთების პარამეტრების თვალსაზრისით, ასევე კორუფციის და კრიმინალის დაბალ დონეს და გადასახადების დაბალ დონეს, რომელიც ნამდვილად არის საქართველოში, ჩვენ ფაქტიურად ძალიან საინტერესო შესაძლებლობას ვუხსნით ყველა მიმართულებით ინვესტორებს და ბუნებრივია, ამის თაობაზე რაც შეიძლება მეტად უნდა მოხდეს მათი ინფორმირება.
ქვეყნისთვის მიმზიდველ პერსპექტივას ასევე ქმნის რეგიონალური თანამშრომლობა, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცება შავი ზღვის და კასპიის რეგიონებს შორის, კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ გადაადგილების თვალსაზრისით, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მიმართულებით. ამ მიმართულებით ბევრია გაკეთებული, სულ რამდენიმე დღის წინ იქნა ინიცირებული ყარსში TANAP-ის პროექტი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს რეალურად მიაწოდებს ევროპას საქართველოს გავლით. იცით, რომ ინტენსიურად მიდის მუშაობა რკინიგზაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს უაღრესად საინტერესო და მიმზიდველი თანამშრომლობით ავითარებს.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისად, ენერგო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა ინვესტორებისათვის. ახალი ჰესების აშენებისათვის მოზიდული ინვესტიციები უზრუნველყოფენ პირველ ეტაპზე იმპორტის ჩანაცვლებას და შემდგომ ჭარბი ელექტრო ენერგიის ექსპორტზე გატანას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რაც ადვილებს ელექტროენერგიის ექსპორტს.
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას ემსახურება ურთიერთობათა გაღრმავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ ასევე აზიის სახელმწიფოებთან. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებით, არამედ უნდა გავაქტიურდეთ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართულებით, ვინც დაინტერესებულია რეგიონის განვითარებაში და ინვესტირებაში ჩვენ ქვეყანაში. შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ამავდროულად მნიშნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში დაფიქსირებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაღრმავება.
გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წელს ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არც თუ საკმარისი მზაობა, ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების ფაქტობრივად არ არსებობა.
ეკონომიკური რყევების, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული შოკების უკეთ გამკლავების მიზნით ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება. შესაბამისად, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისე, რომ დაცული იყო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. აქ შემდეგს ვკითხულობთ: ‘’ამ მოდელის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების – საკვების, საწვავის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნალური მომსახურების შეძენისას’’.
საზოგადოებამ ამ ხედვას დაუჭირა მხარი და დღესაც ამ პროგრამას უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის თაობაზე.
როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისა და მისი სიჯანსაღის თვალსაზრისით.“სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“, აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ ხედვას და შესაბამისად, დასანანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვერ აცდა 20%-ს.
ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივების განხორციელება დროში იწლება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა.
მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების დროულად ინფორმირება. საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებასა თუ კანონად ქცევამდე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-გარემოსთან, ინვესტიციებთან, ტურიზმთან. ამასთან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილებები, საჭიროა მათი სწრაფი და ეფექტური განხორციელება.
„სახელმწიფოს მიზანია, მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა და მეწარმეობის განვითარებას, არსებულმა და მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდოს ბიზნესის საქმიანაობა მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის გზით“, აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რასაც სრულად ვეთანხმები. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში.
შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ, არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით.
2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს მიაღწია. ამავდროულად, 2014 წელს, 2008 წლის შემდგომ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში – 1.270 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო ხარჯების გაწევა.
ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა შევინარჩუნოთ. მინდა ამ თვალსაზრისით აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვა და დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა.
ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს მთავრობის მიერ დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი პროგრამებიც: ‘’შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, პროექტი – "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" და განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბუნებრივია, შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.
საგარეო და უშიშროების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
2014 წელს „ჰიბრიდულმა“ ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოების საზღვრების ძალადობრივმა შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ ზედმიწევნით სწრაფად შევაფასოთ ეს ვითარება.
საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან.
ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის საქართველოს სხვა ქვეყნებისათვის; საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ ქვეყანათა რაოდენობის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების სერიოზული გარანტიაა.
ამდენად, საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია, რომ ვიწროპარტიულმა ინტერესებმა ეს დღის წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ევროატლანტიკური პლატფორმის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება ყველა – პარლამენტი თავისი უმცირესობითა და უმრავლესობით და პრეზიდენტიც.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან
საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო, ჩემი მიმართვის პასუხად, პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ამ შეფასებას შეუერთდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ.
ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი–ქვეყნების მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის და დევნილთა დაბრუნების საკითხებში. ამისი ნათელი მაგალითია ამ საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა. არაღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ აქვს.
აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას: არაღიარება მიზნად არ ისახავს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას. პირიქით, იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ისევე როგორც დევნილები და ლტოლვილები, ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული და საგანგებო ყურადღების ობიექტი არიან. ჩვენ გვინდა ყველას გავუზიაროთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერების შედეგები, ის სიკეთეები, რომელსაც ევროინტეგრაციის შედეგად იღებს.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა. ამ მიზნით, შარშან და წელსაც მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება კონსულტაციები, როგორც პოლიტიკოსებთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ერთიან, გლობალურ ხედვაზე. გარკვეული კონტურები ამ თვალსაზრისითაც გამოიკვეთა, კერძოდ:
საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება მის მიღწევამდე;
ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის პროცესი ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას;
ამ მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას;
სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა დაფიქსირებულია;
საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე;
ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზებისა;
საქართველო აღიარებს კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება;
იმავდროულად, საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას.
ამ ფუნდამენტზე შეიქმნება საერთოეროვნული პლატფორმა. მის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებული ნაბიჯების დასახვა. ამისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, ომი უკრაინაში 2014-ში, დნესტრისპირეთის პრობლემები – ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ერის დასჯა.
დღეს ჩვენი ამოცანა რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროების“ კონფრონტაციული პარადიგმიდან ამოსვლა და რუსეთთან თანასწორობის პრინციპებზე აგებული პოლიტიკის გაღრმავება და დადგენა. ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რამდენად აქტიური ვართ ამ მიმართულებით, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობების განმუხტვას და ამ ძალისხმევაში, ბუნებრივია, ჩვენი პარტიორების მეტი მხარდაჭერა გვჭირდება.
ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობისას უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს არაწევრი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტერესებზე აქტიური მსჯელობა.
რუსული რევიზიონიზმი და მისი იმპლიკაციები საქართველოსთვის
რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცააა. ამ კამპანიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. „რბილი ძალით“ საქართველო ჩამოაშორონ თავის ევროპულ და ევროპატლანტიკურ არჩევანს. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია.
ევროკავშირი და აშშ
საქართველოს სერიოზული წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ ჩართულნი ვართ ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. მაგრამ როგორც არაწევრი ქვეყანა, ჯერ-ჯერობით სრულად არ ვსარგებლობთ ამ უსაფრთხოების სისტემის დაცულობით. ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მეტ ინტერესს და მხარდაჭერა ვითხოვთ პარტნიორებისგან.
ასე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მომავალი სამიტი ჩვენთვის მხოლოდ ანგარიშგების ღონისძიება არ არის; საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოკვეთს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, მოსახლეობისათვის ხელშესახებს გახდის ევროინტეგრაციის სიკეთეებს.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერაც ბოლომდე აუმოქმედებელია.
უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის და აშშ-ის როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მოველით, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა: შემცირდეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარებიდან; და მოხდეს კოორდინირებული და ადექვატური რეაგირება ნებისმიერ ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან.
თანამშრომლობის დამატებითი ფორმატები
საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურებში ჩვენი პოზიციების გაძლიერება ახალი ფორმატების მეშვეობითაა შესაძლებელი. მე მივესალმები იმ ინიციატივას, რომელიც დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როდესაც გაღრმავდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ერთობლივი ფორმატი და ბუნებრივია, ამ ფორმატს კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება ესაჭიროება.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები; საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემა
ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და იქ გაჩაღებული ომი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის – ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ხომ უშუალოდ უკავშირდება ჩვენ ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩაბმული და იქ იბრძვიან. შესაბამისად, გვაქვს რა ერთიანი პრობლემატიკა, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ პარტნიორებთან ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა.
თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში – გასული წლის მიწურულს ჩემი წინადადებით ავღანეთში „გადამწყვეტი დახმარების მისიის“ განხორციელებას თქვენ მხარი დაუჭირეთ.
თავდაცვა და შეიარაღებული ძალები
საქართველოს ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტუ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)