ღარიბაშვილი პრეზიდენტის ‘გაუმართლებელ’ კრიტიკას პასუხობს

(განახლება: ბოლო აბზაცად დაემატა პრეზიდენტ მარგველაშვილის კომენტარი ღარიბაშვილის განცხადებაზე).

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გაჟღერებული კრიტიკა „გაუმართლებელი, უსამართლო“ და „გაუგებარია“. 

თავის ყოველწლიურ მოხსენებაში პარლამენტში 31 მარტს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქვეყნის მართვის სტილი გააკრიტიკა, მან სტრუქტურების „დუბლირების“ წინააღმდეგ ისაუბრა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების წინააღმდეგ გააფრთხილა. თავის გამოსვლაში მან რამდენჯერმე წამოჭრა, როგორც მან აღნიშნა „სისტემური პარალელიზმის“ პრობლემა, მათ შორის პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარებაში მთელი რიგი დუბლირებული საბჭოების და კომისიების შექმნის საკითხი, რომლის დროსაც ფუნქციების დუბლირება ხდება ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის თუ სხვა სფეროებში.

„ჩვენ ვისმენთ გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მე მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი; და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისათვის დრო. და ჩვენ ამის ფუფუნების დრო არ გვაქვს, რომ დრო დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი ყოველთვის მზად იყო პრეზიდენტთან შესახვედრად, თუმცა ამ უკანასკნელს „არასადროს მოუმართავს რაიმე კითხვით“ მისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობენ მთავრობა ან მისი საბჭოები და სააგენტოები. 

შემდეგ მან იმ ეკონომიკური და სხვა საბჭოების როლის შესახებ ისაუბრა, რომელთაც თავად თავმჯდომარეობს და განაცხადა, რომ ის ამ საბჭოების ფუნქციონირების შესახებ განმარტებას მოსახლეობას აძლევს და არა პრეზიდენტს.

„პრეზიდენტს რომ მოემართა კითხვით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე, ამას ჩვენ მოვახერხებდით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ცუდია, რომ მან სხვა გზა აირჩია და საჯაროდ გააკრიტიკა მთავრობა. პრემიერ–მინისტრის თქმით, ყველა საბჭო კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად სხვადასხვა სამინისტროებს შორის „უკეთესი კოორდინაციის“ მიზნით შეიქმნა.   

„აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება და მე მინდა ყველას მოვუწოდო, მათ შორის პრეზიდენტს, რომ როცა საუბარი არის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, არ დაავიწყდეს არავის, რომ ჩვენ ასეთი საუბრებით სახელმწიფოს ვავნებთ და ჩვენ ვაკნინებთ ასეთი საუბრით ჩვენ მინისტრებს, მათ საქმიანობას და უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია მან ორჯერ მიმართა მთავრობას მის სხდომაზე ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების განხილვის მიზნით, „დღემდე მთავრობიდან ამაზე პასუხი არ მიმიღია“. არსებითი პაკეტი საქართველოსთვის ალიანსმა სექტემბერში უელსის სამიტზე დაამტკიცა, რომელსაც პრეზიდენტი მარგველაშვილიც ესწრებოდა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს, რომელსაც პრემიერ–მინისტრზე ნაკლები უფლებამოსილებები აქვს, აქვს უფლება მთავრობას სხდომის მოწვევა სთხოვოს ნებისმიერი საკითხი განხილვის მიზნით. 
   
პრემიერ–მინისტრი შეეცადა გაემართლებინა პრეზიდენტის თხოვნის შეუსრულებლობის ფაქტი და განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრაცია „მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება“. 

„ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მის ეფექტიანობაზე კონტროლს განახორციელებს პარლამენტი და საქართველოს მოსახლეობა. ასე რომ, თუ რაიმე სახის ინფორმაცია აინტერესებს ნებისმიერ პიროვნებას, ჩვენ მზად ვართ, რომ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია“.

იმავე დღეს მოგვიანებით პრემიერ–მინისტრის განცხადების კომენტირებისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს: „მე მივესალმები იმას, რომ პრემიერ–მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ დეტალურად. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)