საქართველო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი მიესალმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე გასულ კვირას შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს, რადგან მიღწეული შეთანხმების „პარამეტრები“ წარმოადგენს „მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“.
„ქართული მხარე გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და დიალოგის გზით შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული რთული საკითხების გადაჭრის გზებზე. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მიღწეული პარამეტრების საფუძველზე მხარეები დათქმული ვადისთვის შეიმუშავებენ ქმედით, ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი პროცესი წარიმართება შეთანხმების სრული დაცვით“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
„სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მიესალმება მოლაპარაკებებში ჩაბმული მხარეების განსაკუთრებულ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.