ღარიბაშვილი: სახელმწიფო ‘დაუნდობელი’ იქნება იმ შეწყალებული ან ამნისტირებული პირების მიმართ, ვინც კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებენ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო „დაუნდობელი“ იქნება იმ შეწყალებული ან ამნისტირებული პირების მიმართ, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებენ.
„ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი თუ ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე მათ პირობას ვაძლევ, ყველას, ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„მე ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება უმკაცრესად დასჯილი“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან კომენტარში მოკლული პოლიციელის დაკრძალვის ცერემონიის დროს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე დაესწრნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. "მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთაონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან."
პოლიციელი ბექა მარგიშვილი კრიმინალის ტყვიამ თბილისში 4 აპრილს იმსხვერპლა, ხოლო მეორე პოლიციელი დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. პირი, რომელმაც პოლიციელებს მოულოდნელად მას შემდეგ ესროლა, რაც ის შემოწმების მიზნით გააჩერეს, სამართალდამცავთა თქმით, იგივე პირია, რომელსაც იანვარში ბორჯომში ერთი პოლიციელის მკვლელობა, ხოლო მეორეს დაჭრა ედება ბრალად.
დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია და რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ჩაბარებისკენ“ მოუწოდა, წარსულში არაერთგზის იყო ნასამართლევი; ბოლოს მას სასჯელი 2013 წლის დასაწყისში ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად შეუმცირდა, ხოლო საპატიმროდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოქმედი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა.
2012 წლის დეკემბერში, როცა პარლამენტი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შესახებ კანონს იღებდა, ქართული ოცნების უმრავლესობამ ჩააგდო მაშინ ჯერ კიდევ მისი წევრის, დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლებოდა ამნისტირებული ან შეწყალებული პირის მიერ დანაშაულის ხელახლა ჩადენა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)