ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

პოლიციამ პარასკევს დილით ბორჯომსა და თბილისში, იანვარსა და აპრილში მომხდარი  ორი დამოუკიდებელი ინციდენტის დროს ორი პოლიციელის მკვლელობაში და ორის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

შალვა აბულაძე, რომელსაც პროკურატურა ბრალად სდებს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ბორჯომში დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს.

შსს–ს ინფორმაციით, 23 იანვარს აბულაძემ ბორჯომში ცეცხლი გაუხსნა ორ პოლიციელს, რომელთაგანაც ერთი მოკლა, მეორე კი დაჭრა. 4 აპრილს, როდესაც ორი პოლიციელი ვარკეთილში მის შეჩერებას შეეცადა შემოწმების მიზნით, აბულაძემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იგივე პიროვნება იყო, რომელმაც ბორჯომში გაუხსნა ცეცხლი პოლიციელებს. 5 აპრილს, როდესაც პოლიცია თბილისში ეჭვმიტანილის დაკავებას შეეცადა, მან ისევ ცეცხლი გახსნა და გაქცევა მოახერხა, განაცხადა შსს–მ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.

აბულაძე წარსულში ნასამართლევია და მან შვიდ წელზე მეტი, რაც მისი პატიმრობის ვადის ნახევარზე ნაკლებია, ციხეში გაატარა სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის, სანამ 2013 წლის ნოემბრის ბოლოს გათავისუფლდებოდა. ბოლოს მას სასჯელი  2013 წლის დასაწყისში ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად შეუმცირდა, ხოლო საპატიმროდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოქმედი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა.

თბილისში 4 აპრილს მოკლული პოლიციელის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო „დაუნდობელი“ იქნება იმ  შეწყალებული ან ამნისტირებული პირების მიმართ, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებენ. „მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთაონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა გუშინ.