დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვევიან
დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი 14 აპრილს პირველი ერთობლივი სამმხრივი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და თავიანთ ქართველ კოლეგას შეხვდებიან.
„საქართველო სამი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს განიხილავს, როგორც პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გააფორმებენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ, რაც გულისხმობს ვარშავის „მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.
პოლონეთი შვედეთთან ერთად 2009 წელს დაწყებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი იყო. ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტებით ორჯერ სტუმრობდნენ საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და 2013 წლის ოქტომბერში.