პარლამენტმა ძალადობისკენ მოწოდების კრიმინალიზებაზე, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შესახებ ცვლილებები განიხილა
პარლამენტმა 15 აპრილს პირველი მოსმენით განიხილა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებისა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის სხვადასხვა ფორმების კრიმინალიზებას ითვალისწინებს.
ცვლილებათა ეს პაკეტი, რომელიც შსს-ის ავტორობით პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში თითქმის სამთვიანი განხილვების შედეგად, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველი მოსმენით მას კენჭს პარასკევს უყრიან.
თუ თავდაპირველ პროექტში საუბარი იყო „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებების“ დასჯის სადავო დებულებაზე, პირველი მოსმენით განხილულ ვარიანტში ორ წლამდე პატიმრობით დასჯადი ხდება „მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების „აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“ ქმნის.
პაკეტის მეორე ნაწილი ეხება საქართველოს მოქალაქეების უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზებას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს გაიმეორა, რომ ეს ცვლილება მიზნად ისახავს იმის პრევენციას, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილ სამხედრო დაჯგუფებაში საბრძოლველად არ ჩაერთონ.
ამ მიზნით, ძირითადად, პანკისის ხეობის მკვიდრი ქართველოს მოქალაქეების გადაბირება და რადიკალიზაცია, მისი თქმით, წარმოადგენს გამოწვევას, რომლის წინააღმდეგაც სასჯელის ზომების გამკაცრება საკმარისი არ არის და სახელმწიფომ „სხვა დაინტერესების საფუძველი უნდა შესთავაზოს“ ადგილობრივებს, რათა მათი „ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში“.
უკანასკნელი შემთხვევის დროს, როცა ორი პანკისელი მოსწავლე გაემგზავრა ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად, ხეობის უხუცესთა საბჭომ ხელისუფლებას ამგვარი შემთხვევების აღკვეთისაკენ მოუწოდა. ისლამური სახელმწიფოსთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია; ზოგიერთი მონაცემით, სირიაში პანკისის ხეობის ათობით (50–60) მკვიდრი იბრძვის. სულ ცოტა შვიდი (ზოგიერთი ინფორმაციით, ცხრა) პანკისელი დაიღუპა სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლის დროს.
სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც მათთვის, ვინც ისინი გადაიბირა, მნიშვნელოვან სასჯელებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, „უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, პირთა შეგროვება“ დაისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული 5-დან 10-წლამდე ვადისა.
თუ თავდაპირველი კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს სრულიად ახალი მუხლი ემატებოდა „უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ“ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის თაობაზე, შესწორებულ ვარიანტში, ამ მუხლის შინაარსი უკანონო ფორმირებების შესახებ უკვე არსებულ მუხლში გაიწერა.
იზორიას განცხადებით, იმის მიუხედევად, რომ ფორმულირებაში უკვე აღარ ფიგურირებს „უცხო ქვეყანა“, კანონი ამ მუხლით საქართველოს მოქალაქეებს სჯის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობისა და წინასწარი შეცნობით ამგვარი ფორმირებების დაფინანსების გამო.
ამასთან, კანონპროექტი უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან სიმბოლიკის გავრცელებისთვისაც ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს „კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“ ქმნის – ამგვარი დათქმა შესაბამის მუხლს კანონპროექტის გადამუშავების შედეგად დაემატა.
კანონპროექტის თანახმად, ვინც ნებაყოფლობით შეწყვეტს უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას, წვრთნების გავლას, პირთა გადაბირებას ან შეგროვებას ასეთ ფორმირებაში გასაწევრიანებლად და ჩააბარებს იარაღს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
საპარლამენტო განხილვების დროს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ტარიელ ლონდარიძემ შესთავაზა ინიციატორებს კონკრეტული ვადების დადგენა, რათა უკანონო ფორმირებებში მონაწილე პირებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმის შესაძლებლობა და შესაბამისად, მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შანსი მიეცეთ. როგორც ლევან იზორიამ, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ვადების დადგენაზე კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს იმსჯელებენ.
ამასთან, პროექტში მკაფიოდ განისაზღვრა, რომ უკანონო ფორმირებაში იგულისხმება დანაშაულებრივი მიზნით შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფება, „გარდა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობაში არსებული ფორმირებისა“.
კანონპროექტი ასევე არეგულირებს ტერორიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დანაშაულთა დასჯადობას.
კერძოდ, მას საპარლამენტო განხილვების შედეგად დაემატა სრულიად ახალი ნორმა, რომლითაც 6-დან 9-წლამდე პატიმრობით დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, მონაწილეობის მიღების ან ტერორისტული წვრთნის გავლის მიზნით.
ამასთან, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება 5-დან 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება; ასევე, კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება ტერორიზმისკენ მოწოდება ან ტერორიზმის საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმედება წარმოშობს „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“.