საქართველოს პრეზიდენტი ლატვიას სტუმრობს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 15–17 აპრილს რიგას სტუმრობს, თავის ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნესურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელეს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო.
My official visit to #Latvia a month prior to #Eastern #Partnership #Riga #Summit has an outstanding importance.
— President Of Georgia (@MargvelashviliG) April 16, 2015
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ლატვიის პრემიერ–მინისტრს, ლაიმდოტა სტრაუიუმას და პარლამენტის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს.
სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ, რომელიც პრეზიდენტს ახლავს, განაცხადა, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ.
„ერთი თვის თავზე იმართება სწორედ აქ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით საქართველოს დელეგაციას მიეცემა შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველომ განიცადა ევროინტეგრაციის გზაზე და შესაბამისად, განვიხილოთ სამიტზე მისაღებ საბოლოო დეკლარაციაში ამ პროგრესის ასახვის შესაძლებლობები“, – განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც რიგაში ჩასვლამდე უნგრეთს სტუმრობდა.
პრეზიდენტს ასევე ახლავს თან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.