უსუფაშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 19-21 აპრილს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილი თავის უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ გროისმანს შეხვდება, სადაც განხილვის მთავარი თემები, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკანონმდებლო იმპლემენტაცია და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება.
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ასევე გამართავს შეხვედრას უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკთან და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებსა და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავს, პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად.
უკრაინის დედაქალაქს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ქართული ოცნებიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე ეწვევიან.