ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი დაასახელა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნოდარ ჯავახიშვილს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად დანიშნავს, რომელიც ამ პოსტზე დავით შავლიაშვილს შეცვლის, რომელმაც გადადგომის თაობაზე განცხადებით პრემიერს 21 აპრილს მიმართა.

ჯავახიშვილს, რომელიც 1993–1998 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, 2014 წლის დეკემბრიდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს აღმასრულებელი დირექტორი იყო.

მარტში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ჯავახიშვილმა, რომელიც იმ დროს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო, გააკრიტიკა მაშინდელი მინისტრი შავლიაშვილი და განაცხადა: „ვერ ვიტყვი, რომ კარგი მინისტრია“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შავლიაშვილი ჯანმრთელობის მიზეზით გადადგა. მან შეაქო ყოფილი მინისტრი, როგორც „ეფექტური მენეჯერი“ და განაცხადა, რომ შავლიაშვილმა დეკემბრის შემდეგ რამდენჯერმე მიმართა მას გადადგომის თხოვნით, თუმცა  დღემდე არ აკმაყოფილებდა ამ თხოვნას.

ახალი მინისტრის დანიშვნას პარლამენტის მიერ დამტკიცება არ დასჭირდება.

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც 20–წევრიანი მთავრობის ერთი მესამედი იცვლება.

შავლიაშვილი მთავრობის მეხუთე წევრია, რომელიც პარლამენტის მიერ 2014 წლის ივლისში ამჟამინდელი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ იცვლება.