საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წლის პირველ კვარტალში

„საქსტატის“ მიერ 21 აპრილს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 10%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 11.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარ–მარტში იმპორტის მოცულობა 3%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 2015 წლის პირველ კვარტალში 27.7%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 502.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის და ღვინის ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2015 წლის პირველ კვარტალში 637 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.4%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 21%–ით გაიზარდა იანვარ–მარტში და 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 33.8%–ს შეადგენს; იმპორტი 5%–ით შემცირდა და 467 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 26%–ს შეადგენს.

დსთ–სთან ვაჭრობა 2015 წლის პირველ კვარტალში 25%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 675 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 55%–ით შემცირდა და 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 34.8%–ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 2%–ით შემცირდა და 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ კვირას სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings–მა საქართველოს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურით შეცვალა და ქვეყანას “BB-” რეიტინგი დაუტოვა, რაც სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. "საინვესტიციო დონის" რეიტინგს. სარეიტინგო კომპანიამ განაცხადა, რომ უამრავმა საგარეო შოკმა, რაც რუსეთში არსებულ ვარდნას მოყვა, „ძალიან უარყოფითი გავლენა“ მოახდინა საქართველოზე, რასაც თან სდევდა ექსპორტის და ფულადი გზავნილების კლება და ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურება.  Fitch Ratings–მა ასევე განაცხადა, რომ ის მოელის, რომ 2015 წელს საქართველოს ექსპორტი 20%–ით შემცირდება, ხოლო ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წელს მშპ–ს დაახლოებით 14%–მდე გაიზრდება, ნაცვლად 2014 წელს არსებული 9%–ისა. სარეიტინგო კომპანია ასევე მოელის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს 2%–მდე დაიკლებს.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2015 წლის პირველ კვარტალში 360.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 17.5%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 40.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი თითქმის უცვლელი დარჩა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 320.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 214.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა პირველ კვარტალში; აზერბაიჯანში ექსპორტი ნახევარზე მეტად შემცირდა და 63.48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ძირითადად, ავტომანქანების რეექსპორტის 2014 წლის იანვარ–მარტში არსებული 79.8 მლნ აშშ დოლარიდან 2015 წლის პირველ კვარტალში 24.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირების შედეგად. იმპორტი აზერბაიჯანიდან 16.5%–ით შემცირდა და 150.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 2015 წლის პირველ კვარტალში 192.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ექსპორტმა ჩინეთში 24.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის 4.7 მილიონი აშშ დოლარიდან 19.1 მლნ აშშ დოლარამდე ზრდის გამო. იმპორტი ჩინეთიდან 7.2%–ით გაიზარდა და 167.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ კვარტალში.

ჩინეთის შემდეგ მოდის რუსეთი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი რუსეთში თითქმის 2.5–ჯერ შემცირდა და 2015 წლის პირველ კვარტალში 27.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთს მოყვება გერმანია 137.2 მილიონიანი სავაჭრო ბრუნვით; უკრაინა – 128.9 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 93.9 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 89.2 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 80.7 მლნ აშშ დოლარით; იტალია – 62.4 მლნ აშშ დოლარით.

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღარ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფს, რომელმაც 2.6–ჯერადი კლება განიცადა 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 57.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენს 61.1 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.3%–იანი ზრდაა; საქართველომ პირველ კვარტალში 51.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განახორციელა, ნაცვლად 21.6 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის შესაბამის პერიოდში. შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 48.2 მლნ აშშ დოლარი (30.9%–იანი კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); მედიკამენტები – 25.1 მლნ აშშ დოლარი (84%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 24 მლნ აშშ დოლარი (47.3%–იანი ზრდა); მინერალური წყლები – 22.6 მლნ აშშ დოლარი (34.2%–იანი კლება); ღვინო – 15.5 მლნ აშშ დოლარი (სამჯერადი კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); ნედლი ნავთობი – 12.7 მლნ აშშ დოლარი (85.3%–იანი ზრდა);  ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული – 12.6 მლნ აშშ დოლარი (54.9%–იანი ზრდა).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის პირველ კვარტალში ნახშირწყალბადები იყო 149.8 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 134.5 მლნ აშშ დოლარი; ნავთობპროდუქტები – 129.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 69.2 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 49.9 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 35 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 29 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 19.6 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან – 16.4 მლნ აშშ დოლარი; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ე.წ.„არმატურა“ – 16.3 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)