აშშ–საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თბილისში

თბილისში 23 აპრილს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვის და უსაფრთხოების ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

აშშ–ის დელეგაციამ, რომელსაც სამხედრო–პოლიტიკურ  საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე ტოდ ჩაპმანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასი ხელმძღვანელობენ, „ძლიერ ორმხრივ პარტნიორობას“ გაუსვა ხაზი.

თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ–ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს დემოკრატია, ეკონომიკა და ხალხთა შორის ურთიერთობები.

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც აქტიური დარჩება რეგიონში და გააძლიერებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ფარკასმა შეხვედრის შემდეგ, სადაც ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი წარმოადგენდნენ.

აშშ–ის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სფეროს დასახმარებლად დამატებით 20 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში.

„აშშ–ის დახმარება უსაფრთხოების სფეროში და მისი სამხედრო ჩართულობა საქართველოსთან ეხმარება მის რეფორმებს თავდაცვის სფეროში, ქართველი სამხედროების წვრთნას და აღჭურვას უზრუნველყოფს, ასევე წვრთნის მათ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და საქართველოს ნატოსთან თავსებადობას უწყობს ხელს“, – განაცხადა სამხედრო–პოლიტიკურ  საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარმა მოადგილემ ტოდ ჩაპმანმა.

„ასევე შესაძლებლობა მოგვეცა განგვეხილა, თუ როგორ გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა და კიბერდანაშაული“, – დასძინა მან.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ეველინ ფარკასმა განაცხადა, რომ აშშ აქტიურად იქნება ჩართული ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც ალიანსმა სექტემბერში უელსის სამიტზე დაამტკიცა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის მოადგილე გამოყო, რომელიც  ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებას აკონტროლებს და ჩვენი ჩართულობით ადგილზე უზრუნველვყოფთ, რომ ნატომ სათანადოდ შეასრულოს ის ვალდებულებები“, რომლებიც ალიანსმა უელსის სამიტზე აიღო, განაცხადა მან.

მისი თქმით, აშშ–საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება Noble Partner, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისში იგეგმება, იქნება „ყველაზე აქტიური“ წვრთნები, რომელიც აშშ–ს საქართველოსთან ერთად დღემდე ჩაუტარებია.

„ეს ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი [საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების] წვლილის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – დასძინა მან.

ვიზიტის დროს აშშ–ის დელეგაციამ ასევე გამართა მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან თავდაცვის სფეროში რეგულარული ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში.