საქართველოს და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა კიევში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც კიევში იმყოფება, 27 აპრილს თავის უკრაინელ კოლეგას ალექსანდრე კვიტაშვილს, შეხვდა, რომელსაც 2008–2010 წლებში იგივე თანამდებობა საქართველოში ეკავა.
„როგორც ადრე, ასე ახლა მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში – იქნება ეს მედიკამენტების მიწოდება, იქნება ეს ბავშვების, თუ დაჭრილების ჩამოყვანა რეაბილიტაციისთვის – ისევ გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა სერგეენკომ, რომელიც კიევში 28 აპრილს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონფერენციაში მონაწილეობისთვის იმყოფება.
2014 წლის სექტემბერში საქართველომ უკრაინაში 12 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა, ძირითადად სამედიცინო დანიშნულების საგნები. ასევე სექტემბერში საქართველომ ანაკლიაში აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონიდან 110 ბავშვს უმასპინძლა.
კვიტაშვილმა, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ერთ–ერთი ის წარმომადგენელია, რომელსაც უკრაინის მთავრობაში შესთავაზეს თანამდებობა, მადლობა გადაუხადა საქართველოს შარშანდელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რის შედეგადაც საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენ პირველ ხუთ დონორთა სიაში შევიდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ორი მინისტრის შეხვედრას „უნიკალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ კვიტაშვილი ეროვნებით ქართველია, ხოლო სერგეენკო უკრაინული წარმომავლობისაა.
27 აპრილს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინიშნა ოფიციალურ თანამდებობაზე უკრაინაში.
გიზო უგლავამ, რომელიც 2010–2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, უკრაინის ანტი–კორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ორი მოადგილიდან ერთ–ერთის პოსტი დაიკავა. ბოლო დრომდე უგლავა საქართველოში პრაქტიკოსი იურისტი და იურიდიული კომპანია LCS–ის მმართველი პარტნიორი იყო; 2014 წლის ივლისიდან იგი წინასწარ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ერთ–ერთი ადვოკატი იყო.
თებერვალში პრეზიდენტმა პოროშენკომ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ იძებნება, თავის მრჩევლად და რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.
საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მსახურობენ, ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა; ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, და გია გეწაძე, რომელიც უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.