გარემოს დაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა 28 აპრილს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და ეს ოჯახური მიზეზებით ახსნა.
იგი მთავრობის უკვე მეორე წევრია, რომელმაც ერთი კვირის მანძილზე თანამდებობა დატოვა; 21 აპრილს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა თანამდებობიდან.
ხოკრიშვილის გადადგომა უკვე მეექვსე ცვლილებაა მთავრობაში მას შემდეგ, რაც მოქმედმა მთავრობამ პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 2014 წლის ივლისში პარლამენტის ნდობა მოიპოვა.
გარემოს დაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას, რომელიც პრემიერ–მინისტრს ჯერ არ დაუსახელებია, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება არ სჭირდება.
პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კაბინეტის 20 წევრიდან სულ ცოტა 7 გამოიცვლება; ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობაში კიდევ ერთ ცვლილებას უკვე მთავრობის გადადგომა მოყვება.
თავის წერილობით განცხადებაში ხოკრიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო იმ გუნდის წევრად ყოფნა, რომელმაც „ძირეული ცვლილებები“ განახორციელა და მართალია „სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება“, მაგრამ „ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ“.