სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გადადგა, პარლამენტმა მთავრობა ხელახლა უნდა დაამტკიცოს
პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს, ვინაიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი 29 აპრილს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
ის მესამე მინისტრია, ვინც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო და მეშვიდე მას შემდეგ, რაც ივლისში ღარიბაშვილის მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.
კონსტიტუციის მიხედვით, როცა მთავრობის 20 წევრის ერთი მესამედი იცვლება, ეს პარლამენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის ხელახლა დამტკიცებას იწვევს.
ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი საპარლამენტო ჯგუფია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარადგინოს. ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება ეს ისევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ ვინმე სხვა.
უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატი ფორმალურად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა წამოაყენოს მაქსიმუმ 7 დღის ვადაში.
პრემიერობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატები და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად.
პარლამენტი ასევე შვიდი დღის განმავლობაში განიხილავს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და კენჭს უყრის მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, რასაც სულ ცოტა 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
თუ მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს, მაშინ თავდაპირველად წარდგენილ ან განახლებულ შემადგენლობას 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი. თუ ამ შემთხვევაშიც პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას ან არ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მაშინ პრეზიდენტი 7 დღის ვადაში უკვე სულ ცოტა 60 პარლამენტარის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრთა ორი სხვადასხვა ჯგუფიდან დასახელდება 2 კანდიდატურა, მაშინ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად მას დაასახელებს, რომელიც უფრო მეტმა დეპუტატმა წარადგინა, ხოლო თუ წარმდგენთა რაოდენობა თანაბარი იქნა, მაშინ პრეზიდენტი თავად გააკეთებს არჩევანს ერთ-ერთ კანდიდატურაზე.
ამჟამად, 150-ადგილიან პარლამენტში 149 დეპუტატია. ქართული ოცნების მმართველი უმრავლესობა 87 დეპუტატით არის პარლამენტში წარმოდგენილი, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის უმცირესობა – 50 დეპუტატით, ასევე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატები“ – 8 დეპუტატით; ხოლო დარჩენილ ოთხ ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატები იკავებენ.
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შემდეგ მოდის ორკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კაბინეტის წევრები უნდა წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად და დეპუტატებმა კენჭი უყარონ მთავრობას, რათა სულ ცოტა 75 ხმით დაამტკიცონ.
თუ მესამე ცდაზეც ვერ გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას ნდობას, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც იმართება ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს.
ამ გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, რაც რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეულმა პარლამენტმა უნდა განახორციელოს, მთავრობის ძველი შემადგენლობა ასრულებს კვლავ მოვალეობებს პრეზიდენტის დავალებით.
ერთი დღით ადრე, ვიდრე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გადადგომის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გადადგა „ოჯახური მიზეზების“ გამო, ხოლო ერთი კვირით ადრე ანალოგიური გადაწყვეტილება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა „ჯანმრთელობის პრობლემების“ გამო მიიღო და მის ადგილზე ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა.
ქართული ოცნების ცალკეული დეპუტატები სპორტის კომიტეტიდან ბოლო დროს აკრიტიკებდნენ ყიფიანს და გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. 28 აპრილს ყიფიანმა განაცხადა, რომ მის „გადადგომაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი“, თუმცა ოთხშაბათს მან მოიწვია პრესკონფერენცია, სადაც ხანგძლივი შესავალი სიტყვის ბოლოს, რომლის დროსაც მან, ძირითადად, 2012 წლის ოქტომბრიდან სპორტის სამინისტროში მისი მმართველობის დროს არსებულ მიღწევებზე ისაუბრა, გადადგომის თაობაზე გააკეთა განცხადება. უარყო რა ქართული ოცნების ცალკეული დეპუტატების კრიტიკა მის მიმართ, როგორც უსაფუძვლო, ყიფიანმა განაცხადა, რომ ის მიდის მთავრობიდან, რადგან არ სურს პოლიტიკური „დაპირისპირებისა“ და „სპეკულაციების“ ნაწილი იყოს.
"ვითვალისწინებ იმასაც, რომ პარლამენტს ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობის ხელახალი ნდობის მოპოვება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენს გუნდს ამ ნდობას გამოუცხადებს“, – განაცხადა ყიფიანმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც 21 მარტს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა მთავრობის გადადგომისა და დროებითი „ტექნიკური“ მთავრობის ფორმირების მოთხოვნით, განაცხადა, რომ მოქმედ მთავრობას „არ ეყო გამბედაობა, რომ ეღიარებინა კრიზისი და გადამდგარიყო“. თუმცა ეკონომიკურმა პრობლემებმა და მოქმედი ხელისუფლების „უნიათობამ“ ფაქტიურად პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობა დაშალა, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა.
„ახლა საქართველოს პარლამენტის ამოცანაა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და დანიშნოს არა ივანიშვილის მორიგი მარიონეტული მთავრობა, არამედ გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან და შეძლოს ტექნიკური ტიპის მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც შეაჩერებს ეკონომიკის ნგრევას და ჩამოშლას და სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანას არჩევნებისთვის მოამზადებს“, – განაცხადა მან, „თუ საქართველოს პარლამენტი ისევ ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობას დაამტკიცებს, კრიზისი გაღრმავდება, ლარის გაუფასურება და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება უკვე შეუქცევადი გახდება“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კაბინეტში დარჩენილ სხვა მინისტრებთან ერთად მოვალეობების შესრულებას განაგრძობს, განცხადების გაკეთებას დღეს, 15 საათისთვის გეგმავს.