ღარიბაშვილი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას „ძალიან ნაყოფიერი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან 29 აპრილს.
„მან კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, იმ რეფორმებზე და პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში“.
„თქვენ იცით, რომ დაგეგმილი არის ქალბატონი მერკელის ვიზიტი საქართველოში; თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებთ“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „არის მოტივირებული, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ [21–22 მაისს დაგეგმილ] რიგის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები“.
„ჩვენ გვაქვს იმედები, რომ ობიექტურად დაფასდება ჩვენს მიერ და ჩვენი ხალხის მიერ მიღწეული პროგრესი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
მან განაცხადა, რომ მთავრობის წევრები რიგის სამიტამდე რამდენიმე ევროპულ დედაქალაქს ეწვევიან, კერძოდ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გერმანიას ესტუმრებიან.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ყველა ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისგან „მაქსიმალური შედეგი“ იქნას მიღებული.
„ჩვენი მხრიდან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შედეგი იყოს აბსოლუტურად მაქსიმალური“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მართალია მან არ დააკონკრეტა, თუ რას მიიჩნევდა „მაქსიმალურ შედეგად“, მაგრამ თებერვლის ბოლოს ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულოს და "ველით, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს ჩვენი მთავრობის მიღწევებს და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს“.