პრემიერი ღარიბაშვილი გამორიცხავს ძირეულ ცვლილებებს მთავრობაში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის მთავრობასაც პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს, განაცხადა, რომ მის კაბინეტში სხვა ცვლილებები არ იქნება იმ ორი მინისტრის გარდა, რომლებიც 28 და 29 აპრილს გადადგნენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი 28 აპრილს გადადგა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ანალოგიური გადაწყვეტილება 29 აპრილს მიიღო. ღარიბაშვილმა მათი შემცვლელები უნდა დაასახელოს. ერთი კვირით ადრე გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მიიღო და მის ადგილზე ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ბოლო დროინდელმა გადადგომებმა იმ მინისტრების რაოდენობა, რომლებიც 2014 წლის ივლისში მთავრობის მიერ პარლამენტში ნდობის მოპოვების შემდეგ შეიცვალნენ, შვიდამდე გაზარდა, რაც პარლამენტის მიერ მთავრობის ხელახალ დამტკიცებას საჭიროებს.

„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ცვლილებები მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან ასეთ დინამიურ პროცესში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი“.

„ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობები. ეს არის: სპორტის  და ახალგაზრდობის  მინისტრი და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი“, – განაცხადა მან.

მან ხაზი გაუსვა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საჭიროებას რამდენიმე მოახლოებული მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო, რომელთა შორის მან 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა დაასახელა, რომელსაც თბილისი მაისის შუა რიცხვებში მასპინძლობს.

„მე მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს, რომ ამ სიტუაციების გათვალისწინებით…  მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და ამ კვირაშივე, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა“, –  განაცხადა მან.

„მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ჩვენს მოსახლეობას სიმშვიდისკენ. ეს არის აბსოლუტურად გამჭირვალე, ჯანსაღი პროცესი და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის დეპუტატები მხარს დაუჭერენ ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას.