ღარიბაშვილი მინისტრთა ახალ კანდიდატებს პარასკევს წარადგენს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრების ახალ კანდიდატურებს 1 მაისს 10:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს, რის შემდეგაც განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დაიწყება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, „ამ დროისთვის გრძელდება კონსულტაციები  კოალიცია ქართული ოცნებასთან“ მინისტრთა კანდიდატების თაობაზე.

29 აპრილს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მის მთავრობაში სხვა ცვლილებები არ იგეგმება გარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი, რომელთა ხელმძღვანელებმაც, შესაბამისად, ელგუჯა ხოკრიშვილმა და ლევან ყიფიანმა გადადგომის თაობაზე განცხადებები 28 და 29 აპრილს გააკეთეს.

ერთი კვირით ადრე გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მიიღო და მის ადგილზე ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ბოლო დროინდელმა გადადგომებმა იმ მინისტრების რაოდენობა, რომლებიც 2014 წლის ივლისში მთავრობის მიერ პარლამენტში ნდობის მოპოვების შემდეგ შეიცვალნენ, შვიდამდე გაზარდა, რაც პარლამენტის მიერ მთავრობის ხელახალ დამტკიცებას საჭიროებს.

პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, ცალკეულმა დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან, მათ შორის რესპუბლიკელმა დეპუტატებმა თინა ხიდაშელმა და ლევან ბერძენიშვილმა არ გამორიცხეს მთავრობაში ორზე მეტი მინისტრის შეცვლის შესაძლებლობა.