საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 შეადგენს, აღწერის წინასწარი შედეგების თანახმად
საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 შეადგენს, რაც 2002 წელს ჩატარებულ საყოველთაო აღწერასთან შედარებით, 14.7%-ით ნაკლებია, აცხადებს „საქსტატი“ 30 აპრილს.
აღწერა მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებისა, 2014 წლის 4-19 ნოემბერს ჩატარდა და მისი საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.
მაშინ როცა „საქსტატის“ წინაწარი მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 729 635-ია, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რაც ასაკობრივად მხოლოდ 18 წლიდან მოსახლეობას მოიცავს, 3 429 748-ს შეადგენდა; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 3 537 719-ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 3 613 851-ს.
2002 წლის აღწერასთან შედარებით, ქალაქსა და სოფელში მცხოვრებთა სტრუქტურაც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, რადგან აღწერის წინასწარი მონაცემებით ამჟამად ქალაქის მოსახლეობა 2 140 126-ს, ხოლო სოფლის – 1 589 509-ს შეადგენს, რაც თორმეტი წლის წინანდელ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 6.3%-ით და 23.8%-ით ნაკლებია.
მთელი მოსახლეობის 57.4% ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მაჩვენებელზე 5.1 პროცენტული ერთეულით მეტია, აცხადებს „საქსტატი“.
რაც შეეხება დედაქალაქს, აღწერის წინასწარი შედეგებით, თბილისის მოსახლეობა 1 118 035-ს შეადგენს. ეს მონაცემი 3.4%-ით აღემატება თბილისელთა რაოდენობას 2002 წელს, თუმცა ეს, „საქსტატის“ განცხადებით, ძირითადად, განპირობებულია თბილისის შემოგარენში მდებარე დასახლებების დედაქალაქთან შემოერთებით. 2014 წლის ადილობრივ არჩევნებზე თბილისში 918 667 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
მოსახლეობის რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირებულია 2002 წელთან შედარებით. ყველაზე ნაკლებად მოსახლეობა შემცირებულია აჭარაში 10.6%-ით და ამჟამად, 336 077-ს შეადგენს; შემდეგ კლების ტენდენციით მიხედვით მოდის ქვემო ქართლი – 424 769 (კლება 14.6%); შიდა ქართლი – 264 633 (-15.7%); გურია – 113 221 (-21,0%); კახეთი – 319 144 (-21.6%); სამცხე-ჯავახეთი – 160 262 (-22.8%); იმერეთი – 536 052 (-23.4%); მცხეთა-მთიანეთი – 94 370 (-24,8%); სამეგრელო-ზემო სვანეთი – 331 145 (-29%) და ყველაზე მეტად მოსახლეობა შემცირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31 927 (-37.4%).
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში ასევე ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რომელმაც მოიცვა ყველა ოჯახური მეურნეობა, რომელსაც სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი. წინასწარი შედეგებით, ქვეყანაში ოჯახური მეურნეობების რაოდენობამ 640 302 ერთეული შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)