პრეზიდენტი პრეტენზიებს გამოთქვამს თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლის გამო

პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის სატელევიზიო გამოსვლის დროს აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება არ წარადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში დაუყოვნებლივ და ეს პროცედურა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გადადოს ერთი კვირით.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეტენზიები გამოთქვა თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლის გამო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ორი მინისტრის ნაცვლად, სამი მთავრობის წევრის შეცვლის თაობაზე გაკეთებული მოულოდნელი განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს“.
ამ მიზეზებზე მითითებით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება არ წარადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში დაუყოვნებლივ და ეს პროცედურა გადადოს ერთი კვირით, რაც პროცესს კონსტიტუციური ვადების ფარგლებში შეაფერხებს.
კონსტიტუცია პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, რომ შეცვალოს ან დაბლოკოს კაბინეტის წევრები, თუმცა მას შვიდ-დღიანი ვადა აქვს, რათა მთავრობის პარლამენტში წარდგენის დოკუმენტს მოაწეროს ხელი ნდობის მოსაპოვებლად.
ქართული ოცნების უმრავლესობამ და პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ მათ მთავრობის დამტკიცების პროცედურების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურთ.
პრეზიდენტის განცხადებამდე, პარლამენტი განახლებული მთავრობის საკომიტეტო მოსმენებს პარასკევს გეგმავდა, ხოლო პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის გატანას შაბათ-კვირისთვის ვარაუდობდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ეს გეგმა ვერ განხორციელდება და პროცესი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო დიდი ალბათობით ერთი კვირით გადაიწევს.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი გადაწყვეტილება პარასკევს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთი საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრებთან ერთად, ის ასევე წარადგენდა დეპუტატ თინა ხიდაშელს თავდაცვის ახალი მინისტრად, რომელიც ამ პოსტზე მინდია ჯანელიძეს შეცვლის. ეს უკანასკნელი თავდაცვის უწყებას 2014 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენეს. ერთი დღით ადრე პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი გამორიცხავდა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მთავრობაში და აცხადებდა, რომ ის მხოლოდ მთავრობის იმ ორი მინისტრის – გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების შეცვლას გეგმავდა, რომელთაც გადადგომაზე განცხადებები მიმდინარე კვირაში დაწერეს. გასულ კვირას ასევე შეიცვალა ინფრასტრუქტურის მინისტრი.
თავის სატელევიზიო განცხადებაში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა კვირის განმავლობაში მთავრობას სამი მინისტრი „მყისიერად“ ტოვებს და როცა „გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლებოდა და დღეს გავიგეთ, რომ იცვლება სამ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს“.
„მსურს ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?“- განაგრძო მან.
„ამ რთული ვითარების ფონზე, მსურს მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისევე პარლამენტს უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„მე ვიყენებ, საქართველოს კონსტიტუციის ამ შემთხვევაში ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე“, – აღნიშნა მან.
„იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რეაქციები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
გიორგი მარგველაშვილის განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო მზად იყო ნდობის გამოცხადების პროცედურები დღესვე დაეწყო.
„მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოიყენოს ის ვადა, რაც კონსტიტუციით აქვს მას მინიჭებული; ესეც კონსტიტუციური პროცესია“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „პრეზიდენტი არჩეულია იმიტომ, რომ მიიღოს გონივრული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, ასეთ ექსპრომტ სიტუაციაში შეიძლება თვლის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ ვენდობით თუ არა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ეს მისი აზრია, მისი შეხედულებაა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულება და ვთვლიდეთ, რომ დღესვე შეგვეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ პატივი ვცეთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენ მეტი დრო მოგვცეს დასაფიქრებლად – მეტი ფიქრი არასდროს არ არის ცუდი და მავნე. ამასობაში, ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას, ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა სრულფასოვანი და უფლებამოსილი… ასე რომ, აგრძელებს მთავრობა მუშაობას თავისი მიმართულებით და პარლამენტი თავის მიმართულებით“.
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მართალია სასურველი იქნებოდა, რომ განახლებულ მთავრობას ნდობა რაც შეიძლება სწრაფად მიეღო, თუმცა გარკვეული ლოგიკა არის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, რომ მეტი დრო მისცეს პარლამენტს განხილვებისთვის.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიესალმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის გადადების თაობაზე ამ „ქაოტურ“ ვითარებაში. მისი თქმით, ეს საკადრო ცვლილებები, რომელიც არ ეხება პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, არ დაეხმარება ქვეყანაში არსებული „ეკონომიკური კრიზისის“ დაძლევას. მან გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა „ტექნიკური“ მთავრობის ფორმირების თაობაზე, რომელიც ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანს. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს, რათა ქვეყანამ „აღარ მიიღოს მთავრობა, რომელმაც ის შეიყვანა კრიზისში და ამ ერთკვირიან ვადას მოყვეს რეალური ცვლილებები“. პრეზიდენტს კონსტიტუცია არ აძლევს იმის უფლებას, რომ რაიმე კორექტივები შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში და მისი ერთადერთი ბერკეტი მდგომარეობს იმაში, რომ გავლენის მოხდენა შეუძლია ნდობის გამოცხადების პროცედურების ტემპზე.