პარლამენტმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა 1 მაისს 80 ხმით პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო ცვლილებები უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ცალკეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში ერთი წლით უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობას ქმნის.
ეს უკვე მთავრობის მეორე მცდელობაა, რომ გამოასწოროს ის პრობლემები, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ახალი სავიზო და საიმიგრაციო წესების ამოქმედებას მოჰყვა.
ამ წესების თანახმად, საქართველომ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საერთოდ გააუქმა, ხოლო 104 ქვეყანასთან და ტერიტორიასთან შეინარჩუნა უვიზო რეჟიმი – ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე დარჩენა მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში, ნაცვლად ადრე არსებული 360 დღიანი ვადისა.
თუმცა შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს სრულ ერთ წლამდე გაზრდას საქართველოში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობას ცალკეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთა ჩამონათვალს მთავრობა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის განმავლობაში თავისი დადგენილებით მოგვიანებით განსაზღვრავს.
ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობას იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც იმ ქვეყნებში, რომელთა ჩამონათვალსაც მთავრობა განსაზღვრავს, ბინადრობის ნებართვა ან ვიზა გააჩნიათ.
ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ალტერნატიულ კანონპროექტში შესთავაზა, რომ ისევე როგორც ეს 2014 წლის 1 სექტემბრამდე არსებულ რეგულაციებში იყო, ნაცვლად მთავრობისა, კანონმა განსაზღვროს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 360 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ. ნაციონალური მოძრაობის ინიცირებულ კანონპროექტში არსებულ ჩამონათვალში ევროკავშირის ქვეყნები და კიდევ 48 ქვეყანა ფიგურირებდა. ქართული ოცნების უმრავლესობამ კანონში ამ ქვეყნების ჩამონათვალის შეტანის თაობაზე ოპოზიციის ეს შეთავაზება პარასკევს კენჭისყრაზე ჩააგდო.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს ახალი კატეგორიის ბინადრობის ნებართვის – მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და ასევე ვიზის შემოღება, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების ფლობასთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, თუ უცხოელი საქართველოში ფლობს ან შეიძენს უძრავ ნივთს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა, რომლის ღირებულებაც აღემატება 35 000 აშშ-დოლარს, მასზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ან ვიზა 1 წლის ვადით გაიცემა, მისი შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით. ამ კატეგორიის ბინადრობის მოწმობის მოქმედება მაშინვე შეწყდება, როგორი კი მისი მფლობელი თავის უძრავ ქონებას გაყიდის.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მთავრობა აცხადებს, რომ ამ ტიპის ბინადრობის ნებართვისა და ვიზის შემოღება მიზნად ისახავს უცხოელთა საქართველოში ყოფნის სტიმულირებასა და უძრავი ქონების სექტორში კაპიტალდაბანდებისკენ მათი წახალისებით ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
კანონპროექტი, სხვა ცვლილებებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ვიზების, მათ შორის ელექტრონული ფორმით გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას და წესებს; კანონიდან ამოღებული იქნება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ვიზების მისაღებად და სანაცვლოდ ამ ნუსხას მთავრობა განსაზღვრავს; უცხოელს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში შეუძლია მიმართოს ადგილზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ვიზის მისაღებად, იმის მიუხედავად აქვს თუ არა მის სამშობლოში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნილი; მოწვევის ცნება განისაზღვრება უფრო ფართოდ და თუ ამჟამად მოწვევის გაგზავნა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ცვლილების განხორციელების შემდეგ, ამის გაკეთება ასევე შეეძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, სამინისტროებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, საიმიგრაციო ვიზის მოსაკრებელი 100-ლარიდან 40 ლარამდე მცირდება იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით იმყოფება და მასზე ვიზას საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს; 40 ლარი ეღირება საგარეო უწყების მიერ ვიზის გაგრძელების პროცედურა, თუმცა ეს უფასო იქნება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალურ ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვენ. ასევე განმცხადებელი ამ მოსაკრებლებისგან გათავისუფლდება, თუ საქართველოს საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროში შემავალ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს მომსახურების მისაღებად.
ასევე, მოქმედი 50 აშშ დოლარიდან 20 აშშ დოლარამდე მცირდება ელექტრონული ვიზის მოსაკრებელი, რომლისთვისაც უცხოელი საგარეო უწყებას უკვე ამოქმედებული პორტალის evisa.gov.ge-ს მეშვეობით მიმართავს. ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში მყოფ უცხოელებს საიმიგრაციო ვიზის აღება შეეძლებათ არა გამარტივებული ელექტრონული ფორმით, არამედ განაცხადის შეტანის ზოგადი წესით.
კანონპროექტი ასევე ადგენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როცა შესაბამისი ორგანოების მიერ ვიზის გაუცემლობის მიზანშეწონილობის დასაბუთება არ ხდება. ეს შემთხვევები, როცა უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა; არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც მას საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის დაეკისრა; „თუ საქართველოში უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“ ან „თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია უცხოელის საქართველოში ყოფნა“.
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომელმაც საკუთარი საკანონმდებლო წინადადებები შესთავაზა პარლამენტს სავიზო რეგულაციების გასამარტივებლად, განაცხადა, რომ მისი წინადადებების „დიდი ნაწილი“ მთავრობამ და პარლამენტმა „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ შედეგად გაითვალისწინეს და ისინი ასახულია პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში, თუმცა ასევე გაგრძელდება შემდგომი კონსულტაციები სავიზო რეგულაციების უფრო მეტად გამარტივების მიზნით.