საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ აპრილში 2.5% შეადგინა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5% შეადგინა მას შემდეგ, რაც მარტში 2.6%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონე აპრილში 0.3% იყო.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, ჯანდაცვის სექტორში, ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე ფასების ზრდითაა განპირობებული.
აპრილში ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები 11.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო სიგარეტზე – 10.3%–ით, რაც სავარაუდოდ ამ პროდუქტებზე აქციზური გადასახადის ზრდას უკავშირდება.
ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 5.6%–ით გაიზარდა აპრილში, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე – 4.6%–ით; 8.9%–ით გაიზარდა ფასები სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე.
ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე აპრილში 5.1%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.