საგარეო უწყებამ სომხეთის და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტების სპიკერების შეხვედრის გამო სომხეთის ელჩი დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი მიიწვია და „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის გამო.   

შეხვედრა სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში გაიმართა. ინფორმაცია შეხვედრის თაობაზე პირველად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის პრესსამსახურმა 1 მაისს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ბიბილოვი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა, სადაც 3 მაისის საპარლამენტო არჩევნებს „აკვირდებოდა“. ამავე ინფორმაციით, ბიბილოვი იქ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის მოწვევით იმყოფებოდა, თუმცა ინფორმაციის ეს ნაწილი საჰაკიანის მოწვევის თაობაზე მოგვიანებით ამოიღო სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის პრესსამსახურმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს „არასწორი“ იყო.     

სომხეთის პარლამენტის პრესსპიკერმა, არსენ ბაბაიანმა დაადასტურა, რომ შეხვედრა მართლაც შედგა, თუმცა მან განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესს“: „გალუსტ საჰაკიანს და ანატოლი ბიბილოვს შორის გამართული შეხვედრა კერძო ხასიათის იყო. არც ერთი ოფიციალური საკითხი იქ არ განხილულა. კერძო პირებს შორის შეხვედრას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ პოზიციებთან“.

განცხადება იმის შესახებ, რომ შეხვედრა „არაოფიციალური“ იყო, ასევე გააკეთა თბილისში სომხეთის საელჩოს პრესსპიკერმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ორშაბათს საღამოს, რომ მან სომხეთის ელჩი იური ვარდანიანი მოიწვია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განუცხადა, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა „ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს“.

„მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს  და აღნიშნა, რომ  მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია  დაუყოვნებლივ ეცნობება ერევანს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყების მიერ სომხეთის ელჩის მოწვევის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს და სომხეთის პრემიერ–მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი დაუკავშირდა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის პარლამენტის სპიკერის, გალუსტ საჰაკიანის შეხვედრის შესახებ ესაუბრა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.

„როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან პირადი ხასიათის არაფორმალური კომუნიკაცია შედგა. შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, განხილული არ ყოფილა“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგობრულ დამოკიდებულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე 4 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, როგორც ის ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე, როდესაც სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში არჩევნები ტარდება, სადაც „ადასტურებს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ცნობს 2015 წლის 3 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყველა შესაძლო  ფორმატი იქნება გამოყენებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.