იუსტიციის მინისტრი საფრანგეთს სტუმრობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში 5 მაისს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხს განიხილავს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
იგი ასევე შეხვდება საფრანგეთის ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივან ფილიპ ლეგლიზ-კოსტას.
„მინისტრის ვიზიტის მთავარი მიზანი რიგის სამიტამდე ევროპის სახელმწიფოთა პასუხისმგებელი პირებისათვის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის გაცნობაა. თეა წულუკიანი სხვა მინისტრებთან ერთად აქტიურ სამუშაოს ატარებს რიგის სამიტამდე, რათა 21-22 მაისს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასონ საქართველოს მიერ გაწეული ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობა“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ.
იმავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანიაში იმყოფებიან ვიზიტით.