ქართულ-ამერიკული წვრთნებისთვის მზადება მიმდინარეობს



ამერიკული ქვეითთა 14 საბძოლო მანქანა "ბრედლი" და სხვა ტექნიკა შევიდა 5 მაისს ბათუმის პორტში, საიდანაც მათი რკინიგზით ტრანსპორტირება განხორციელდება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებს 11-25 მაისს უმასპინძლებს. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ამერიკული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი სხვა აღჭურვილობა 5 მაისს ბათუმის პორტში შევიდა, საიდანაც ვაზიანის სამხედრო ბაზისკენ გამოიგზავნება მომდევნო კვირას ქართულ–ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. 

11–25 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება სახელწოდებით „მაღალი დონის პარტნიორობა“ (Noble Partner) მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას, როგორც ამის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და აშშ–ის არმიის ევროპული სარდლობა იუწყებიან.

სწავლებაში 600 ამერიკელი და ქართველი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობას მე–3 ქვეითთა დანაყოფის პირველი ბრიგადის მექანიზებულ ქვეითთა ასეული მიიღებს, რომელიც 2015 წელს ნატოს რეაგირების ძალებში აშშ–ის კონტრიბუციის ნაწილია; სწავლებაში მონაწილეობას ასევე მიიღებს 173–ე სადესანტო ბრიგადის მედესანტეების მსროლელთა ასეული.

წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებენ მონაწილეობას.

წვრთნების დროს, რომელიც ასევე მოიცავს როგორც საველე წვრთნებს, ისე საცეცხლე მომზადებას, ქართული ძალები აშშ–ის სამხედროების გვერდით იმოქმედებენ BMP–2–ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით; ქართულ ძალებთან ერთობლივ სადესანტო ოპერაციებს განახორციელებს აშშ–ის 173–ე სადესანტო ბრიგადა, როგორც ამის თაობაზე აშშ–ის არმიის ევროპული სარდლობა იუწყება.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და სწავლებისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკა ბულგარეთის პორტ ვარნადან სატვირთო ბორნის საშუალებით გამოიგზავნა და ის ბათუმის პორტში 5 მაისს ჩამოვიდა, საიდანაც რკინიგზის მეშვეობით მათი გადატანა ოთხშაბათისთვის ვაზიანის საწვთნელ ბაზაზე მოხდება.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკულმა არმიამ მექანიზებული ასეულისთვის საჭირო რაოდენობის ტექნიკა შავი ზღვის გადაღმა გადაიტანა“, – განაცხადა აშშ–ის შეიარაღებულმა ძალებმა. 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში ეველინ ფარკასმა, რომელიც გასულ თვეს თბილისს სტუმრობდა, დაგეგმილ სწავლებას „ყველაზე აქტიური“ წვრთნები უწოდა, რომელიც კი აშშ–ს საქართველოსთან ერთად დღემდე ჩაუტარებია.

„ეს ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი [საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების] წვლილის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მან 24 აპრილს თბილისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)